ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა განახლდა

ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) ვაჭრობა დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდა.

”ბიბისის” ინფორმაციით, ტექნიკური გათიშვის გამო გუშინ NYSE-ზე ვაჭრობა სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო.

”ბიბისის” ცნობით, მომხდარის დეტალები ამ დრომდე კვლავ უცნობია, თუმცა ბირჟის წარმომადგენლებმა ჰაკერული თავდასხმა გამორიცხეს.

მომხდარის გამო Dow Jones-ის ინდექსი 1,5%-ით, S&P 500-ის 1,7%, ხოლო NASDAQ-ის 1,8% დაეცა.

”ბიბისის” ინფორმაციით, გუშინვე ტექნიკური პრობლემები შეექმნათ ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის ვებგვერდსა და ავიაკომპანია United Airlines, რომელმაც კომპიუტერული შეცდომის გამო აშშ-ის ტერიტორიაზე 800 რეისი გადადო, 60 კი გააუქმა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივნის ჯეი ჯონსონის განცხადებით, გუშინ მომხდარ ამ შემთხვევებს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონია.