ტრამპს გრენლანდიის ყიდვა ისევ სურს

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა ონლაინ-გადახდის სერვის PayPal-ის თანადამფუძნებელი, კენეტ გოური დანიაში აშშ-ის ელჩის პოსტზე დანიშნა და მას ვაშინგტონის კონტროლქვეშ გრენლანდიის გადასვლა უსურვა.

ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.

კერძოდ, ტრამპის შეფასებით, „მთელ მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ამერიკის შეერთებულ შტატები მიიჩნევს, რომ გრენლანდიის დასაკუთრება და კონტროლი აბსოლუტური აუცილებლობაა.”

Axios-ის თანახმად, 1867 წლიდან აშშ-ის ხელისუფლებამ გრენლანდიის შეძენის შესაძლებლობა არაერთხელ განიხილა ან სცადა. გრენლანდია გეოგრაფიულად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილია, მაგრამ ევროპასთან მჭიდრო გეოპოლიტიკური კავშირი აქვს და ევროკავშირის დაფინანსებასაც იღებს, რადგან 1979 წლიდან დანიის ზღვისიქითა ავტონომიური ტერიტორიის სტატუსით სარგებლობს.

კუნძულს პირდაპირი წვდომა აქვს არქტიკაზე, სადაც რეგიონის რესურსებისთვის სხვადასხვა ქვეყნებს შორის დიდი ხანია, რბოლა მიმდინარეობს. ითვლება, რომ გრენლანდიაზე ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და ურანის საბადოებია, ხოლო კუნძულის სანაპირო წყლებში, გეოლოგების მტკიცებით, ნავთობწარმოების დიდი პოტენციალია.

ბოლო წლებში რუსეთი, ასევე, ცდილობს, გრენლანდიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიებზე პრეტენზია გამოთქვას.

ცნობისთვის: დონალდ ტრამპმა დანიის კუთვნილ კუნძულ გრენლანდიის შეძენის იდეა 2019 წელს გაახმიანა. მაშინ დანიის სხვადასხვა ფლანგის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტრამპმა ეს იდეა უნდა დაივიწყოს. ამასთან, გრენლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კუნძული არ იყიდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ