მიმდინარე წლის სექტემბრის ავტოპარკი წლიურად 4.9%-ით გაიზარდა. „თიბისი კაპიტალის“ ავტომობილების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, გასული წელს ქვეყანაში 1.75 მლნ ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო წელს 9 თვის ბოლოს 1.83 მილიონზე მეტი.
რეგისტრირებულ ავტომობილებს შორის უდიდესი წილი კვლავაც მსუბუქ მანქანებზე მოდის. კერძოდ, 9 თვის მდგომარეობით, რეგისტრირებული ტრანსპორტის 82.1% მსუბუქი ავტომობილი იყო, 6.7% - სატვირთო, 3% - ავტობუსები, 4% - სასოფლო-სამეურნეო ტიპის ტრანსპორტი, დანარჩენი კი სხვა ტრანსპორტზე მოდიოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეგისტრირებულ ავტომობილებში უდიდესი ნაწილი - 20.53% კვლავ 20 წელზე მეტი ასაკის იყო, 30% - 11-20 წლამდე, 10% - 7-10 წლის, 4% - 4-6 წლის, ხოლო 3% 0-3 წლის ავტომობილებზე მოდიოდა.
მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ნაწილი კვლავ 20 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე მოდის, ახლად რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების საშუალო ასაკი მცირდება. მაგალითისთვის, 2023 წელს ახლად რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო ასაკი 9.3 წელი იყო, წელს სექტემბრის ბოლოს კი 7.9 წელი შეადგინა.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში ყველაზე დაბალი საშუალო ასაკი ახალი რეგისტრირებული მსუბუქი მანქანებისთვის 2019 წელს იყო და 7.5 წელს შეადგენდა, მას შემდეგ საშუალო ასაკმა ზრდა დაიწყო და 2021 წელს მაქსიმუმს, 10.6 წელს მიაღწია. 2022 წლის შემდეგ კი შემცირების ტენდენცია შეინიშნა და წელს საანგარიშო პერიოდში 7.9 წლამდე იკლო.