„ქვეყანაში ცოტა დაძაბული სიტუაციაა - სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას“ - ზურაბ ჩხაიძე

„ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ზოგადად ყველას, თქვენ, ჩვენ, ეკონომიკას", - ასეთი კომენტარი გააკეთა ბიზნესმენმა, KTW ჯგუფის პრეზიდენტმა ზურაბ ჩხაიძემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და მხარეებმა გაცვალეს პოზიციები.

„ჩვენ ზოგადად გვქონდა საუბარი, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ბიზნესსა და ზოგადად სახელმწიფოს პოზიციებს შორის. გამომდინარე იქიდან რომ ამჟამად ქვეყანაში ცოტა დაძაბული სიტუაციაა, გაისმა როგორც კრიტიკული აზრი, ასევე, აზრი, რომელიც გააჩნია ბიზნესს. ჩვენი პოზიციაა მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება.

დამშვიდება არ სჭირდება ბიზნესს. სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, თქვენ, ჩვენ, ზოგადად, ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შეხვდეთ ახალ წელს. პირველ რიგში, კარგია როდესაც გამოითქვა აზრი, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ბიზნესის მხარე შეხვდება ბიზნესს, რომელიც ფიქრობს ქვეყნის განვითარება როგორ არის შესაძლებელი“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისათვის, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორს შეხვდა. შეხვედრას, რომელსაც 100-მდე ბიზნესმენი ესწრებოდა, თითქმის 4 საათი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 26 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. ამ დროისთვის 2200-ზე მეტი ბიზნესი Freebusiness.ge-ს პლატფორმაზე ერთიანდება. ისინი დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

მერი ტაბატაძე