“დაგვარწმუნა პრემიერმა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი”

“დაგვარწმუნა პრემიერმა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი”, - ამის შესახებ შპს "იტონგ კავკასუს"-ის დირექტორმა დიმიტრი ადამიამ განაცხადა.

მისი თქმით, მალე მოხდება “ურთიერთობების გადატვირთვა” და “ყველაფერი იქნება ძალიან კარგად”.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

“დაგვარწმუნა პრემიერმა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი. სულ მალე მოხდება გადატვირთვა ურთიერთობების აშშ-სთან და მე ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.

მოიყვანა არგუმენტები (პრემიერმა), იქნება გადატვირთვა სიტუაციის და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.

ჩვენ მივიღეთ პასუხები, რომ ყველაფერი მიდის სიტუაციის ნორმალიზებისკენ და ჩვენი გზა ევროპისკენ გაგრძელდება. ჩვენი გზა ევროპისკენ არის შეუქცევადი, არანაირი რუსეთისკენ არავინ არ მიდის, ეს ყველაფერი გამოჩნდება საქმით და არა სიტყვებით.

ყველაფერი არის ძალიან კარგად და ძალიან მალე დარწმუნდებით ამაში”, - განაცხადა დიმიტრი ადამიამ.

ცნობისათვის, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორს შეხვდა. შეხვედრას, რომელსაც 100-მდე ბიზნესმენი ესწრებოდა, თითქმის 4 საათი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 26 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. ამ დროისთვის 2200-ზე მეტი ბიზნესი Freebusiness.ge-ს პლატფორმაზე ერთიანდება. ისინი დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

მერი ტაბატაძე