„მე არ ვთვლი, რომ ქვეყანას აქვს პრორუსული კურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ მოვიდოდი,“ - როგორც „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე ახალ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, მისი თქმით, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ევროკავშირისკენ სვლას ალტერნატივა არ გააჩნია.
„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო და ვიტყოდი, კრიტიკულიც, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც არის მისაღწევი და ესენია სტაბილურობა და ეკონომიკური აღმავლობა, ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. ამაზე ჩამოვყალიბდით ყველა და ამაზე აზრთა სხვადასხვაობაც არ იყო.
აზრთა სხვადასხვაობის საგანია ის თუ როგორ ვივლით ამ გზაზე. დიალოგი უნდა გაგრძელდეს. რასაც თქვენ ხედავთ ქუჩაში, ჩვენ ვხედავთ კომპანიაში, ოჯახებში და ამ ტემპერატურის დაწევის ყველაზე კარგი გზაა დიალოგი. ეს არის საუკეთესო გზა ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. ახალი არჩევნების მოთხოვნა არ მომისმენია, საუბარი იყო იმ თემაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი თემაა - ეკონომიკური აღმავლობა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ევროკავშირისკენ სვლა უალტერნატივოა და დავამატებ, რომ ევროკავშირისკენ სავალ გზაზე უნდა ვიაროთ ისე, რომ რომელიმე ნაღმს არ დავადგათ ფეხი.
მე არ ვთვლი, რომ ქვეყანას აქვს პრორუსული კურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ მოვიდოდი. არის პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის,“ - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.
ცნობისათვის, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორს შეხვდა. შეხვედრას, რომელსაც 100-მდე ბიზნესმენი ესწრებოდა, თითქმის 4 საათი გაგრძელდა.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 26 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. ამ დროისთვის 2200-ზე მეტი ბიზნესი Freebusiness.ge-ს პლატფორმაზე ერთიანდება. ისინი დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.