კრიზისი უნდა განიმუხტოს, ხელისუფლებას შეუძლია გამოვიდეს ძლიერის პოზიციიდან, გაათავისუფლოს დაკავებულები და ჩანიშნოს ახალი არჩევნები - გიორგი მარგველაშვილი

„კრიზისი უნდა განიმუხტოს, ამ კრიზისის განმუხტვის უფლებამოსილება კი აქვს მმართველ ძალას“, - ამის შესახებ „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა გაათავისუფლოს დაკავებულები და ჩანიშნოს ახალი არჩევნები.

„კრიზისი უნდა განიმუხტოს, ამ კრიზისის განმუხტვის უფლებამოსილება აქვს მმართველ ძალას, მათ შეუძლიათ გამოვიდნენ ძლიერის პოზიციიდან, გაათავისუფლონ დაკავებულები და ჩანიშნონ ახალი არჩევნები.

ჩვენს სულისკვეთებას ძალიან ბევრი ბიზნესი არ იზიარებდა, თუმცა იყო არაერთი, ვინც გამოხატავდა კრიტიკულ აზრებს, მათ შორის დაკავებულებზე, არაპროპორციულ ძალაზე, პატიმართა მოპყრობის მეთოდებზე და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორს შეხვდა. შეხვედრას, რომელსაც 100-მდე ბიზნესმენი ესწრებოდა, თითქმის 4 საათი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 26 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. ამ დროისთვის 2200-ზე მეტი ბიზნესი Freebusiness.ge-ს პლატფორმაზე ერთიანდება. ისინი დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

მერი ტაბატაძე