ჩვენს მთავრობას, ხელისუფლებას და ყველას გვაბულინგებენ, რომ ჩვენ ვითომ რაღაც სხვა კურსი გვინდა. აქ ყველას მშვიდობა უნდა, რაც განაცხადა პრემიერმაც და თითოეულმა ბიზნესმენმაც. აბსოლუტურად კონსოლიდირებული და კარგი საუბარი შედგა პრემიერთან, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ნოშრევან ნამორაძის განცხადებით, ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ 12 წლის განმავლობაში ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაუხვევია და არც დღეს ხდება რამე განსაკუთრებული.
„პირველ რიგში ყველას მინდა, ვუთხრა, რომ დაწყნარდნენ, დამშვიდდნენ. 12 წელია ქვეყანა სწორად მიდის. გადახვევა არ ყოფილა, პრეტენზია არავის არ ჰქონია, ბიზნესის არცერთ წარმომადგენელს, რომ 12 წლის განმავლობაში ყოფილიყოს რამე აცდენა ან ევროპული გზისკენ არ მივდიოდეთ, მსგავსი რამ არ ყოფილა. მე-12 წელს ზოგიერთი პოლიტიკოსის და ბიზნესმენის მხრიდან მათ აღქმაში დადგა ვითარება, რომ უცბად გადავუხვიეთ კურსს. ეს ყველაფერი არის პოლიტიზებული, სცენარია დაწერილი ჩვენს ფარგლებს გარეთ და ამ სცენარით მიდის მოქმედება, მიდის მუშაობა და ხდება შემდეგი რამ: ეს ახალგაზრდობა გამოიყენეს იმისთვის, რომ დაეტოვებინათ საზარბაზნე ხორცად. იმუშავეს მაქსიმალურად იმაზე, რომ გამოეწვიათ ასეთი ტემპერატურის მატება. ჩვენი ქვეყანა არ ადარდებთ იმ ადამიანებს, იცით, ვისზეც ვამბობ, კონკრეტულად ოპოზიცია. იყენებენ მაქსიმალურად ყველა ძალას, რომ ჩვენს მთავრობას, ხელისუფლებას და ყველას გვაბულინგებენ, რომ ჩვენ ვითომ რაღაც სხვა კურსი გვინდა. აქ ყველას მშვიდობა უნდა, რაც განაცხადა პრემიერმაც და თითოეულმა ბიზნესმენმაც. აბსოლუტურად კონსოლიდირებული და კარგი საუბარი შედგა პრემიერთან. განვიხილეთ მთელი ეს განვლილი გზა, 12 წლის განმავლობაში როგორ იარა ბიზნესმაც და ქვეყანამაც. 12 წლის განმავლობაში არ გადაუხვევია გზიდან ქვეყანას და აბსოლუტურად ყველა ბიზნესმენი ასე ხედავს. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც დღეს ხდება განსაკუთრებული.“, - განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.
ცნობისათვის, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორს შეხვდა. შეხვედრას, რომელსაც 100-მდე ბიზნესმენი ესწრებოდა, თითქმის 4 საათი გაგრძელდა.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 26 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. ამ დროისთვის 2200-ზე მეტი ბიზნესი Freebusiness.ge-ს პლატფორმაზე ერთიანდება. ისინი დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.