„რაც დღეს ე.წ. პრემიერთან შეხვედრისას ვიხილეთ, არის ჩვენი ეკონომიკის/კონკურენციის შემაფერხებელი და არა დოვლათის შემქმნელი," - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ოლიგარქიული სახელმწიფოს და "მსხვილი ბიზნეს" ინტერესების ქორწინებას ქრონი-კაპიტალიზმი ეწოდება. ამ სისტემაში მსხვილი ბიზნეს და პოლიტიკური ელიტები ერწყმებიან ერთმანეთს, მათი ბუნებრივი გარემო არის ფავორიტიზმი, კორუფცია, კონკურენციის ჩახშობა. ეს სიმახინჯე სასათბურე პირობებს უქმნის 2-3 მსხვილ მოთამაშეს და კლავს თანაბარი შესაძლებლობების პირობებს სხვებისთვის.
რაც დღეს ე.წ. პრემიერთან შეხვედრისას ვიხილეთ არის ჩვენი ეკონომიკის/კონკურენციის შემაფერხებელი და არა დოვლათის შემქმნელი. უმეტესწილად ეს იყო ქრონი აქტორების მიერ ხარკის დაბრუნება ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ. უმეტესმა განვითარებულმა ქვეყნებმა სხვადასხვა ეტაპზე გაიარეს ეს გამოწვევა, ჩვენც გავივლით, როგორც კი კანონის უზენაესობა და თავისუფალი სასამართლო გვექნება და აუცილებლად გვექნება ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან ერთად.
აქვე ჩვენი დიდი პატივისცემა www.freebusiness.ge ხელმომწერ ბიზნეს სუბიექტებს," - წერს ქადაგიძე.