„ტურისტულ კომპანიებს რომ ველაპარაკებით, ამბობენ რომ ჯავშნების 60-70% უქმდება. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კატასტროფულ შედეგამდე მივდივართ“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ Salt Project-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებს.
ჩეხერიას თქმით, არსებული მდგომარეობა ტურისტულ ობიექტებს ფინანსურ კატასტროფამდე მიიყვანს.
„ტურიზმი ყოველთვის იყო ის სფერო, რომელსაც ყველაზე ახლო კომუნიკაცია ჰქონდა თავისი მიმართულების სახელმწიფოს წარმომადგენელთან. ეს ახლა გაწყდა, არანაირი კომუნიკაცია და გეგმა კრიზისიდან გამოსვლის არ არის. მაგალითად, შესაძლოა, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ დღგ-ს გადავადებაზე.
მაღალმთიანი კურორტები დღეს ყველაზე მეტად დატვირთული უნდა იყოს და ძალიან ბევრი ჯავშანი უნდა შემოდიოდეს. მაღალმთიან ზამთრის კურორტებს 2 თვე აქვთ იმისთვის, რომ იშოვონ შემოსავლები. გუდაური, ყაზბეგი, ბაკურიანი, სვანეთისა და აჭარის მთის კურორტებზე ამ პერიოდში მთლიანი წლის სარგოს უნდა იღებდეს - შეიძლება ითქვას, რომ ამით სუნთქავს ეს ბიზნესი. ახლა მათ არ იციან, რა გააკეთონ, რისთვის მოემზადონ, რა დატვირთვა შეიძლება მიიღონ და ა.შ.
დღეს ტურისტულ კომპანიებს რომ ველაპარაკებით, ამბობენ რომ ჯავშნების 60-70% უქმდება. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კატასტროფულ შედეგამდე მივდივართ. განთავსების ობიექტებს ფასი ფორმულირებული აქვთ დატვირთულობის 80%-ის გათვალისწინებით. როდესაც ჯავშნების 70% უქმდება, 10%-ს იმავე ფასად ვეღარ შესთავაზებს მომსახურებას, რადგან ეკონომიკა აღარ რჩება ობიექტს. ეს ფინანსურ კატასტროფამდე მიიყვანს ობიექტებს და სწორედ აქედან გამომდინარე, აღარც უღირთ, რომ პატარა დატვირთულობა მიიღონ“, - აღნიშნავს ჩეხერია.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 27 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.