„როგორც კი დაიწყო არეულობა და რობოკოპები გამოჩნდნენ, მაშინვე გამიუქმდა რამდენიმე ჯავშანი, ახლა კიდევ 2 გაუქმდა“,- ამის შესახებ Hotel Mountain Mestia-ს მეპატრონემ ნათია ნაცარაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საახალწლოდ სასტუმრო 50%-ითაც არ არის დატვირთული, რაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია.
“მოთხოვნა არის, მაგრამ როგორც ადრე იყო, ისეთი არა. რამდენიმე ჯავშანი გაგვიუქმდა ამ არეულობის მერე, იმედია, მეტი აღარ გაუქმდება. როგორც წესი, booking-იდან არის ჯავშნები და კონკრეტულად რომელი ქვეყნები აუქმებენ, ვერ ენდობი, იმიტომ, რომ შესაძლოა, სხვა ქვეყანა ჰქონდეს მითითებული. ამ ეტაპზე, გაუქმდა ესპანეთიდან და რუსეთიდან, მაგრამ დაზუსტებით ვერ გეტყვით ამ ქვეყნებიდან შემოდიოდნენ თუ არა. ეს იყო საახალწლო ჯავშნები, რომელიც გაუქმდა.
ახალი წლის პერიოდში დიდი ჯგუფები გვყავს ყაბარდო-ბალყარეთიდან და საქართველოდან. ისე, მცირე რაოდენობით არიან უკრაინიდან, არაბეთიდან. საბოლოო ჯამში, საახალწლოდ, სასტუმრო 50%-ითაც არ არის დატვირთული.
პანდემიამდე ყველაზე კარგი ვითარება იყო, საახალწლოდ მთლიანად დატვირთული იყო სასტუმრო. პანდემიის მერე გამოსწორდა და როგორც კი დაიწყო არეულობა და რობოკოპები გამოჩნდნენ, მაშინვე გამიუქმდა რამდენიმე ჯავშანი, ახლა კიდევ 2 გაუქმდა“,- განაცხადა ნათია ნაცარაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესი როგორც ტურიზმზე, ისე ჰორეკა სექტორზე პირდაპირპროპორციულად ისახება, რადგან ყველა ვიზიტორი ჩამოსვლამდე ახალ ამბებს ეცნობა.
„ზოგადად, ბიზნესზე ძალიან ნეგატიურად ისახება მსგავსი პროცესები. როგორც გაშუქდება ტელევიზიებში თუ ინტერნეტში, ვინც ჩამოსვლას აპირებს, თვალყურს ადევნებს და როგორც არ მიდიან პალესტინაში და ისრაელში, ისე არ მოდიან აქ, რადგან არეულობაა. ძალიან დიდი გავლენს ახდენს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესი ტურისტების ქცევაზე. რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივ მოსახლეობაზეც ისახება ფინანსურად და ბიზნესიც ძალიან ზარალდება ამით“,- ამბობს ნათია ნაცარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკვე 27 დღეა არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.