40-მდე ბენდი და ანსამბლი, რომელიც თბილისში ახალ წელს იმღერებს - ვინ რამდენ ჰონორარს მიიღებს

თბილისში 2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია მოძრავი ორკესტრის მსვლელობა, ელექტრონული ლაივ შოუები, ასევე, სხვადასხვა ჯგუფის, ანსამბლისა და ბენდების კონცერტები. მერიამ ხელშეკრულება შპს „ქეი ივენთთან“ გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ჩამოთვლილი მომსახურებები ჯამში 875 112 ლარი დაჯდება. შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდა.

მომსახურების მიწოდების ვადებად მითითებულია 21 დეკემბერი - 7 იანვრის პერიოდი. ღონისძიებები დედაენის ბაღსა და ორბელიანების მოედანზე გაიმართება. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „თბილისის მერია იტოვებს უფლებას ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, მიმწოდებელთან შეთანხმება შეცვალოს ან დააზუსტოს მომსახურების მიწოდების თარიღი, დრო და ადგილი“.

ვინ იმღერებს დედაქალაქში ახალ წელს

მოძრავი ორკესტრის მსვლელობა (დღეში 2-ჯერ, 15 მუსიკოსი) სულ 48 450 ლარი დაჯდება, მათთვის კი ლოკაციის მენეჯერის ჰონორარი 17 დღის განმავლობაში 5 900 ლარით განისაზღვრა. ელექტრონული ლაივ-შოუების ფარგლებში კი დიეჯეების ჰონორარი 30 600 ლარი იქნება, ლოკაციის მენეჯერს კი 18 დღის მომსახურებაში 5000 ლარს გადაუხდიან.

ჯგუფები, ანსამბლები, ბენდები, რომლებიც კონცერტს გააფორმებენ:

  1. „რეზო და ბავშვები“ - 30 000 ლარი;
  2. თიკა ჯამბურია, ირინე ბაირამაშვილი და ბენდი - 13 100 ლარი;
  3. ანსამბლი „რუსთავი“ - 15 000 ლარი;
  4. „ელის ბენდი“ – 6 000 ლარი;
  5. „ბანი“ – 15 000 ლარი;
  6. „ნანოს ბენდი“ – 8 000 ლარი;
  7. Latino Boys – 7 000 ლარი;
  8. Nali Band – 6 000 ლარი;
  9. კვარტეტი „ვივო“ – 2 500 ლარი;
  10. „ელიტ ბენდი“ - 5 000 ლარი;
  11. ანსამბლი „გორდელა“ – 15 000 ლარი;
  12. Positive Band – 8 000 ლარი;
  13. „ზუკას ბენდი“ - 9 000 ლარი;
  14. „ურსა“ - 46 460 ლარი;
  15. „თბილისური კვარტეტი“ – 6 000 ლარი;
  16. „ფრანი“ – 15 000 ლარი;
  17. Reggaeon – 25 500 ლარი;
  18. Goofy Land – 30 000 ლარი;
  19. „მიქსტურა“ – 15 000 ლარი;
  20. ანანო ღიბრაძის და ბენდი A ‘GES’ – 7 000 ლარი;
  21. „ჰერიო“ – 8 500 ლარი;
  22. „ღამის შოუს ბენდის“ და კონცერტის წამყვანის ჰონორარი - 30 000 ლარი;
  23. „ქუჩის ბიჭები“ – 15 000 ლარი;
  24. „თეატრალური კვარტეტი“ – 15 000 ლარი;
  25. „დავით ილურიძის ბენდი“ - 10 000 ლარი;
  26. „ალილო“ – 11 200 ლარი;
  27. „შვიდკაცა“ – 14 000 ლარი;
  28. „ოჩოს ქოხი“ – 15 000 ლარი;
  29. „ბასიანი“ – 12 000 ლარი;
  30. „სინთეზი“ – 6 000 ლარი;
  31. ლინდა ადამია და ჯგუფი ¼ - 12 000 ლარი;
  32. NEW ONE – 15 800 ლარი;
  33. „მძლევარი“ – 15 800 ლარი;
  34. „ქვევრი“ – 14 000 ლარი;
  35. „ერისიონი“ – 21 200 ლარი;
  36. „გურჯაანი“ – 3 950 ლარი;
  37. ნიკა ნიკვაშვილი და ორკესტრის მუსიკოსები - 40 000 ლარი;
  38. „ვარდელის სახელობის კამერული სიმფონიური ორკესტრი“ - 7 000 ლარი.

გამოდის რომ, გადასახადების გარეშე 38 ბენდს, ჯგუფსა და ანსამბლს ჯამში 551 010 ლარს გადაუხდიან.

ღონისძიების საორგანიზაციო ხარჯები ასე გამოყურება:

  • ღონისძიებების მენეჯერი - 25 200 ლარი;
  • ღონისძიების მენეჯერის ასისტენტის ჰონორარი - 16 800 ლარი;
  • ღონისძიების ლოკაციის მენეჯერის ჰონორარი - 16 800 ლარი;
  • ღონისძიებების ტექნიკური მენეჯერის ჰონორარი - 12 600 ლარი;
  • საავტორო ჰონორარი - 7 660 ლარი.

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ჯამში „ქეი ივენთის“ მომსახურება გადასახადების ჩათვლით ბიუჯეტიდან 875 112 ლარი დაიხარჯება.

ხელშეკრულების პირობებიდან ირკვევა, რომ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მიმწოდებლის მიერ კონტრაქტის პირობების ცვლილება დარღვევად არ ჩაითვლება. ფორს-მაჟორულ სიტუაცია კი დაზუსტებულია როგორც სტიქიური უბედურებები, ასევე გაფიცვა, სამოქალაქო მღელვარება, აჯანყება, ომი, ბლოკირება, საბოტაჟი, საწარმოო არეულობა და ა.შ.

„ხელშეკრულებების პირობების დარღვევა ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციას“, - აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ხელშეკრულების პირობები არ გამორიცხავს იმას, რომ ჩამოთვლილი მუსიკალური ჯგუფებიდან რომელიმე შეიცვალოს. მაგალითად, ხელშეკრულებაში მითითებულმა ჯგუფებმა „გაგა ფრანი“ და „სინთეზი“ უკვე თქვეს უარი საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე.

შენიშვნა: მონაცემები განახლდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა რომელიმე ჯგუფი უარს იტყვის კონცერტში მონაწილეობაზე.

მერი ტაბატაძე