რუსებს შორის უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად საქართველო მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ტაილანდი უსწრებს.
კერძოდ, წელს უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად რუსების მთლიან განაცხადებში საქართველოს წილი 13,6%-ია. შედარებისთვის: 2023 წელს საქართველო მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყო. ამის შესახებ rbc საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio со-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
წელს რუსების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა, 2023 წელთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა, ხოლო მასიური რელოკაციის 2022 წელთან შედარებით მხოლოდ 1%-ით მოიკლო. ექსპერტები ქვეყნით დაინტერესების ზრდას შესვლის დაბალი ბარიერით ხსნიან, რაც 35 ათასი დოლარიდან იწყება. მიზეზი, ასევე, საქართველოში რუსების ნაწილის რელოკაციაა.
უძრავი ქონების შესაძენად რუსებისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყანა ტაილანდია, ხოლო წამყვან სამეულს არაბეთის გაერთიანებული საემიროები ხურავს. თუ სხვადასხვა ქვეყანაში უძრავ ქონებაზე რუსების საინვესტიციო განაცხადების წილი, საშუალოდ, 38–43%-ს შეადგენს, ტაილანდში ეს მაჩვენებელი 75%-ს აღწევს.
წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროების წილი მთლიან განაცხადებში 7,5%-ია, ხოლო მოთხოვნა წლის განმავლობაში 21%-ით შემცირდა. ეს მაშინ, როცა 2023 წელს საემიროები ლიდერობდა, ხოლო წლევანდელი ლიდერი, ტაილანდი მესამე ადგილს იკავებდა. მეორე ადგილზე საქართველოს ნაცვლად გასულ წელს საბერძნეთი იყო.
რაც შეეხება უცხოეთში უძრავი ქონების შეძენის მიზნებს, ისინი წლის განმავლობაში, თითქმის, არ შეცვლილა. NF Group-ის მონაცემებით, წელს რუსი მყიდველების 71% უძრავი ქონების საზღვარგარეთ შეძენას განიხილავს, როგორც მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას. 2023 წელს ეს მონაცემი 72%-ს შეადგენდა. ამასთან, 12% (2023 წლის 19%-ის წინააღმდეგ) ასეთ გარიგებას ინვესტიციად, ხოლო 17% (2023 წლის 9%-ის წინააღმდეგ) საკუთარ საცხოვრებელ ადგილად განიხილავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ