მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ საჯარო მოხელის დანაკლისი, რომელსაც აშშ-ს თუ სხვა ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციების გამო ფინანსური ზიანი მიადგება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუკომპენსირდება.
კერძოდ, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „თუკი რომელიმე მოხელეს სანქციების გამო რაიმე პრობლემა წარმოექმნება, სახელმწიფო უზრუნველყოფს ფინანსურ დანაკლისს“.
კითხვაზე, არსებობს თუ არა კანონში რაიმე ჩანაწერი, რომელიც მსგავს შემთხვევაში საჯარო მოხელეების კომპენსაციას გულისხმობს, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ არა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ფინანსური ზიანის ანაზღაურება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან მოხდება.
„სავარაუდოდ, სარეზერვო ფონდიდან გაიღებენ ამ ხარჯებს (ოღონდ, არავინ იცის რამდენია), ჩვენივე გადახდილი გადასახადებიდან. თუმცა, ჩემთვის ეს განცხადება არის მაგალითი, თუ როგორ აიყვანა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ სახელმწიფო და თითოეული ჩვენგანი მძევლად. იმიტომ, რომ ამგვარი საჯარო განცხადება და ღირსების ორდენებზე წარდგენა სწორედ „საპასუხო სანქცია“ იყო და სახელმწიფოსადმი მიდგომას განაპირობებს. შესაბამისად, ინვესტორების ქცევასაც განაპირობებს. ჩვენი სახელმწიფო ერთმა პარტიამ აიყვანა მძევლად, ეს არის დღევანდელი მოცემულობა.
ჩვენი დემოკრატიული მოქალაქეების ვალია არ დაუშვან შეცდომა და პროვოკაციებისგან თავის არიდებით, არაძალადობრივი, მშვიდი, თანმიმდევრული ნებისყოფით მივიყვანოთ საქმე ბოლომდე - არჩევნებამდე.
არჩევნების შემდეგ, როგორი პოლიტიკური მოცემულობაც იქნება პარლამენტში თუ სხვა პოლიტიკურ ინსტიტუტებში, კი ბატონო, ისე განვითარდეს, მაგრამ არჩევნების პროცესი ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს ფართო ნდობის და კონსენსუსის საგანი,“ - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-მა 19 დეკემბერს, ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც ასევე შემოიღო სანქციები ვახტანგ გომელაურისა, ალექსანდრე დარახველიძის, ზვიად ხარაზიშვილის, სულხან თამაზაშვილისა და მილერი ლაგაზაურის წინააღმდეგ. როგორც აშშ-ში და ბრიტანეთში ამ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირები აღნიშნავდნენ საქართველოს ამ მოქალაქეების სანქცირების მიზეზი არჩევნების შემდეგ მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობა გახდა.
ამასთან, შეგახსენებთ, იმასაც, რომ უფრო ადრე 16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. მაშინ სანქცირებულ პირებს შორის მოხვდნენ: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.