საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ მსჯელობა გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს პროექტის "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა კეროლ უილსონმა გახსნეს. უწყების ინფორმაციით, მოხსენებები საგადასახადო კოდექსსა და ადმინისტრირებაში ცვლილებების, ასევე გადასახადების გადამხდელების მომსახურების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ გააკეთეს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

დიალოგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მასში კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. "G4G-ის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტრომ გადასახადების გადამხდელებს გააცნო საგადასახადო კოდექსის ცვლილებები და საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების შემდგომი გამარტივების გეგმა, რათა გადამხდელთა შენიშვნები და ინტერესები უკეთ აისახოს ახალ კანონმდებლობაში. საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა G4G-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მისი მიზანია, კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა, ასევე მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის ხელშეწყობით ეკონომიკური რეფორმების განხორციელება. პროექტის კონსულტანტები აქტიურად მუშაობენ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებაზე და ეხმარებიან სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილებისა და საგადასახადო კოდექსის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ევროკავშირის დღგ-ს დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

G4G - "მმართველობა განვითარებისთვის" USAID-ის ხუთწლიანი, 19.3 მილიონ დოლარიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.