აჭარაში 122 ოჯახისთვის ხუთი სოციალური სახლი შენდება

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ბინას 122 ოჯახი მიიღებს.

კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში ორი 50-ბინიანი სახოვრებელი კომპლექსი შენდება, სამუშაოები 2016 წლის იანვარში დასრულდება. სამი 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს დაბა ხულოში, ვაშლოვანის დასახლებაში. მშენებლობა 2015 წლის ნოემბრისათვის დასრულდება. ხუთივე მშენებლობაზე დასაქმებულია დაახლოებით 115 ადამიანი.

2015 წელს ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, 58-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 2016 წელს დასრულდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, ცოტა ხნის წინ დასრულდა დაბა ქედაში, ყოფილი პოლიკლინიკის შენობის რეკონსტრუქცია, რომელშიც მოეწყო 12 საცხოვრებელი ბინა. გამგეობისა და სამთავრობო კომისიის მიერ მიმდინარეობს ოჯახების შესწავლის პროცედურა, ბინების განაწილების მიზნით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აჭარის რეგიონში მცხოვრებ 27 ეკომიგრანტ ოჯახს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათივე შერჩეული კერძო სახლები შეუსყიდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 18 ეკომიგრანტი ოჯახისათვის შესყიდული იქნა საცხოვრებელი ფართები.