საახალწლო ღონისძიებებისთვის მომსახურების შესაძენად მუნიციპალიტეტებმა გამარტივებული შესყიდვები გამოაცხადეს. შესყიდვების ნაწილის შემთხვევაში, მხარეებმა ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, ნაწილის შესყიდვაზე თანხმობა მიიღეს, ნაწილი კი განხილვის ეტაპზეა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი - მერიის მიერ მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ქობულეთში „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ იმღერებს. მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯება. განაცხადი ამჟამად განხილვის ეტაპზეა.
სიღნაღი - ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი საახალწლო კონცერტისთვის ჯგუფი „ურსას“ მიწვევას ითხოვს. ამ შემთხვევაში შესყიდვის ღირებულება 25 250 ლარს შეადგენს. კონცერტი 29 დეკემბერს წნორში გაიმართება. მუნიციპალიტეტმა შესყიდვაზე თანხმობა უკვე მიიღო.
მცხეთა - კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრმა საახალწლო ღონისძიებებზე ჯგუფი „Goofy Land“-ისა და „მასტერის“ (გიორგი პავლიაშვილი) მომსახურების მიღება მოითხოვა, რაზეც თანხმობა უკვე მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ჯამში მომსახურება 22 802 ლარი დაჯდება.
სამტრედია - 25 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დრამერების შოუ გიორგი ბექაურის ხელმძღვანელობით, რაშიც 2 500 ლარი დაიხარჯება. შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა თანხმობა უკვე მიიღო. ამასთანავე, მერიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ჯგუფ „რეგიონთან“, რომელსაც ბიუჯეტიდან 25 000 ლარს გადაუხდიან.
რუსთავი - რუსთავის მერიამ გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში საცეკვაო მომსახურებას ხელშეკრულება გაუფორმა ფ.პ ლიკა ღუღუნიშვილს, რომელსაც 18 750 ლარს უხდიან ბიუჯეტიდან. ხელშეკრულება გაფორმა „ურსას“ მომსახურებაზეც, ამ შემთხვევაში მომსახურების ღირებულებამ 20 200 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსთავის მერიას კიდევ ორი შესყიდვა აქვს გამოცხადებული, ერთი დავით მაზანაშვილის 12 500 ლარის ღირებულების მომსახურება, რაზეც თანხმობაა გაცემული და მეორე „რეზო და ბავშვების“ მომსახურება, რისთვისაც მერია 17 889 ლარს ითხოვს. ეს უკანასკნელი შესყიდვა განხილვის ეტაპზეა.
ფოთი - დაგეგმილ ღონისძიებებზე იმღერებს „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ და „მიქსტურა“. კონცერტისთვის მერია ბიუჯეტიდან 45 000 ლარს ხარჯავს, საიდანაც „ღამის შოუს ბენდს“ 30 ათასს, ხოლო „მიქსტურას“ 15 ათასს უხდის. შესყიდვაზე მერიამ თანხმობა მიიღო, თუმცა ხელშეკრულება ჯერ არ დადებულა.
ქუთაისი - საახალწლო ღონისძიებას გააფორმებს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, რომელსაც ბიუჯეტიდან 53 572 ლარს უხდიან. შესყიდვაზე თანხმობაა გაცემული.
საგარეჯო - საახალწლო ღონისძიება დაგეგმილია 30 დეკემბერს. ღონისძიებას გააფორმებს ჯგუფი „რეგიონი“, რომელსაც 30 ათასს ლარს უხდიან. ხელშეკრულება უკვე დაიდო.
ხობი - საახალწლო ღონისძიება 28 დეკემბერს ჩატარდება. ღონისძიებაზე იმღერებს „ღამის შოუ გაბუნიასთან ერთად“, რაშიც ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯება. შესყიდვაზე გაიცა თანხმობა.
თელავი - ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა გამარტივებული შესყიდვით შეიძინა ნაძვის ხის ანთების ღონისძიების მომსახურება, რაშიც ბიუჯეტიდან 63 953 ლარი დახარჯა. ხელშეკრულება შპს „არტ ლაბორატორიასთან“ არის გაფორმებული.
ბოლნისი - მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი 28 დეკემბრის საახალწლო კონცერტში გამარტივებული შესყიდვით 10 000 ლარს ხარჯავს. კონცერტზე ჯგუფი „ფორტე“ იქნება წარმოდგენილი. ამასთანავე, იმღერებს პაატა გულიაშვილიც, რომელსაც ბიუჯეტიდან 7 654 ლარს გადაუხდიან. მხარეებთან ხელშეკრულება გაფორმებულია.
წყალტუბო - 24 დეკემბერს „საახალწლო სოფლის“ გახსნაზე „მიქსტურა“ იმღერებს, რაშიც ბიუჯეტიდან 12 000 ლარი დაიხარჯება. ღონისძიებაზე იქნება „მოსიარულე დრამერიც“ (გიორგი ბექაური), რომლის მომსახურებაშიც ბიუჯეტიდან 4 600 ლარი იხარჯება. ხელშეკრულებები ამ შემთხვევაშიც გაფორმებულია.
ახალციხე - საახალწლო კონცერტზე უკვე იმღერა ნინო (ნუცა) ბუზალაძემ, ზურაბ (ზუკა) ხუციშვილმა, მირზა მოდებაძემ და გიორგი ნიკოლაძე („ნიკოლშოუ“). ბუზალაძემ 18 ათასი ლარი, მოდებაძემ - 8 ათასი ლარი, ხუციშვილმა - 10 ათასი ლარი, ხოლო ნიკოლაძემ 5 ათასი ლარი გადაუხადეს. ჯამში ბიუჯეტიდან 41 000 დაიხარჯა. ჩამოთვლილი მომღერლებიდან ხელშეკრულება გაუფორმდა ხუციშვილს, ნიკოლაძესა და მოდებაძეს, ბუზალაძესთან ხელშეკრულება ამ ეტაპზე არ არის დადებული.
ბორჯომი - 20 დეკემბერს ბორჯომის ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო „ჯორჯიან დრამ სქული“, რაშიც 24 845 ლარი დაიხარჯა. 31 დეკემბერს კი საახალწლო ღონისძიება გაიმართება, სადაც ჯგუფი „იბერია“ იმღერებს. „იბერიას“ 21 000 ლარს უხდიან. ორივე ხელშეკრულება გაფორმებულია.
ლაგოდეხი - ლაგოდეხის მერიის მიერ გამოცხადებულ შესყიდვაში აღნიშნულია, რომ საახალწლო ღონისძიებებზე ჯგუფი „სტატუსი“, ანრი ჯოხაძე და ნინო ბადურაშვილი იღერებენ, თუმცა ბადურაშვილმა და ჯოხაძემ განაცხადეს, რომ საახალწლო კონცერტებში არ მონაწილეობენ. მეორე გამარტივებული შესყიდვა მერიას „ურსას“ მომსახურებისთვის აქვს გამოცხადებული, ჯამური ღირებულება 25 250 ლარს შეადგენს. თანხმობა შესყიდვებზე გაცემულია, თუმცა ხელშეკრულება ჯერჯერობით გაფორმებული არ არის.
ზუგდიდი - 31 დეკემბერს საახალწლო და საშობაო ღონისძიება გაიმართება, სადაც „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ იმღერებს. ამ შემთხვევაში ჯამში 50 000 ლარი იხარჯება. ხელშეკრულება დადებული არ არის.
აღსანიშნავია, ხელშეკრულების პირობები არ გამორიცხავს იმას, რომ ჩამოთვლილი მუსიკალური ჯგუფებიდან რომელიმემ გადაწყვეტილება შეცვალოს და ღონისძიებაზე გამოსვლაზე უარი თქვას. შესაბამისად, მონაცემები განახლდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა რომელიმე ჯგუფი უარს იტყვის კონცერტში მონაწილეობაზე.