იმისათვის, რომ საჯარო სექტორმა გადადგას უფრო მკვეთრი ნაბიჯები, საჭიროა სახალხო პროტესტი იყოს უფრო მასობრივი და შთამბეჭდავი - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ დირექტორმა ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო მოხელის ფსიქოლოგია, მითუმეტეს ქართველის, არის ის, რომ მას სჭირდება საიმედო პოლიტიკური ძალა.
„იმისათვის, რომ საჯარო სექტორმა გადადგას უფრო მკვეთრი ნაბიჯები, საჭიროა ორი პირობა: სახალხო პროტესტი იყოს უფრო მასობრივი და შთამბეჭდავი. ის, რაც ხდება, უფრო დამაიმედებელია, მაგრამ უფრო მასშტაბურობაა საჭირო.
და მეორე - მათ სჭირდებათ მძლავრი პოლიტიკური ძალა.
სახელმწიფო მოხელის ფსიქოლოგია, მითუმეტეს ქართველის, არის ის, რომ მას სჭირდება საიმედო პოლიტიკური ძალა, რომელზეც დადებენ ფსონს. ის, რაც დღეს გვაქვს, არის სახალხო პროტესტი და მასზე ფსონს ვერავინ დადებს“, - განაცხადა ყიფიანმა.
მან უნიკალური შემთხვევა უწოდა იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
„კანონი ვერ გაითვალისწინებს ისეთ უნიკალურ შემთხვევას, რომელიც საქართველოში შეიქმნა. ის ვითარება, რომელიც საქართველოში არის - გვყავს ახლად არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ინაუგურაციისთვის ემზადება და ამავდროულად გვყავს მოქმედი პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და რჩება პრეზიდენტად. სამართალი ბევრ რამეს აგვარებს, მაგრამ ორი ხელისუფლების კონფლიქტს სამართალში ვერ ვიპოვით.
რა ინდიკატორები არსებობს დათქმულ 29 დეკემბრამდე იმისა, რომ ივანიშვილი ეახლოს ქალბატონ ზურაბიშვილს და გამართოს დიალოგი? ამის მოდელირება ჰიპოთეზის დონეზეც წარმოუდგენელია. იმდენად ნონსენსურია პოსტ-29 დეკემბრის პერიოდი, რომ აჯობებს, სამართალზე ნუ ვისაუბრებთ და ისევ პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა „ჯეოქეისის“ დირექტორმა.