„დეესკალაციის რამდენიმე გზა არსებობს,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კრიზისი, რომელიც საქართველოში შეიქმნა, დემონსტრანტებს არ გამოუწვევიათ, შესაბამისად, სიტუაციის განმუხტვის ერთ-ერთი წინაპირობა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებაა. მეორე გზა კი, ახალი არჩევნებია, რომელზეც თემურ ჭყონია ამბობს, რომ მთავრობისთვის ყველაზე რთულად შესასრულებელია.
„აქ საუბარია იმაზე, რომ დეესკალაციის რამდენიმე გზა არსებობს. პირველი, მთავრობის მხრიდან ყველაზე მარტივი გადასაწყვეტია, პოლიტპატიმრები უნდა გამოუშვან. ამ თემით მე აღელვებული ვარ, ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვითარება რაც შეიქმნა, ეს ხომ დემონსტრანტების შექმნილი არ არის?! პროტესტის გამოხატვა ხომ რაღაც თემიდან წამოვიდა?! ახალგაზრდა თაობამ გამოხატა თავის შეხედულება, შესაძლოა, აგრესიულად, მაგრამ არა იმ დოზით, რომ 6 წელი მიუსაჯო პატარა ბავშვს. იმიტომ, რომ ამ ბავშვებს ეს სიტუაცია არ შეუქმნიათ, ისხდნენ სახლში და რაღაც ვითარებამ გამოიყვანა გარეთ. აქ მთავარია, ეს სიტუაცია ვინც შეექმნა.
ამიტომ, ეს პირველი [მოთხოვნა] ძალიან მარტივი შესასრულებელია მთავრობისთვის, რადგან იცით, რომ ჩვენი სასამართლო და პროკურატურა მართვადია. ეს ჭორი არ არის და სიმართლეა. ამიტომ, შეუძლიათ გამოუშვან. ოღონდ უნდა გამოუშვან ყველა. იგივე ანდრო ჭიჭინაძე, რა სიტუაციამ მიიყვანა იქ, აი ეს არის მთავარი. არაჩვეულებრივი მსახიობია, კულტურული ადამიანია, არაჩვეულებრივი იდენტობა აქვს, მივიდა აქციაზე და ახლა ვსხედვართ და იმაზე ვსაუბრობთ, როგორ უნდა გამოვიდეს იქიდან. რამ შექმნა ეს სიტუაცია?! და, მერე ამხელა სასჯელი?! მოსამართლე ხომ ვიცით, რომ მისცემს ამ სასჯელს, მას რასაც ეტყვიან იმას იზამს, ეს არის ჩვენი მთავარი უბედურება, რომ მოსამართლეც კონტროლის ქვეშ არის. არ უნდა დავუშვათ, ეს არის ცუდი.
მეორე არის არჩევნების თემა, რომლის გადაწყვეტაც უფრო რთული საკითხია მთავრობისთვის“, - ამბობს თემურ ჭყონია.
შეგახსენებთ, რომ უკვე 28 დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს.