უცხოელი ინვესტორები არ ჩანან, წესით, ბაზარზე 5-6 კომპანია მაინც უნდა შემოდიოდეს - „კრიპტო ბაზარი“

„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ აისახება ჩვენს ინდუსტრიაში შემოსულ ინვესტიციებზე“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კრიპტო ბაზრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა თოდუა აცხადებს.

მისი თქმით, მსოფლიო კრიპტო სამყაროში ამჟამად ყველა მიმართულებით ფიქსირდება აღმავალი ტენდენცია, თუმცა, საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უცხოური კომპანიები ასპარეზზე „არ ჩანან“.

„ჩვენს ქვეყანაში მოგეხსენებათ, რომ არც თუ ისე დიდხანს არის დამკვიდრებული ის ფაქტი, რომ ინვესტიციები უნდა ჰქონდეს ადამიანს, უნდა გადაინახოს, დივერსიფიცირებული უნდა იყოს ეს თანხა და ა.შ. ეს განათლებასაც უკავშირდება და იმ თანხებსა და შემოსავლებსაც, რომელიც აქვთ ადამიანებს. ჩვენთან დაახლოებით 10-20%-ს მოსახლეობის მინიმალური ხელფასიც კი არ აქვთ, საშუალოსთან მიახლოებულზე არც არის საუბარი. ამ ფონზე, ჩვენი კრიპტო ბაზრით ძირითადად ინტერესდებიან უცხოური კომპანიები და მათ მიერ შემოტანილი თანხები უფრო აისახება ამ ინდუსტრიაზე, ვიდრე ადგილობრივი ბაზრის.

ყოფილა შემთხვევა, როცა კრიპტოსთან მიმართებაში რეგულაციები გაუმკაცრებიათ და ამ შემთხვევაშიც კი რამდენიმე მოთამაშეს თავი შეუკავებია ბაზარზე შემოსვლისგან. თუკი ვამბობთ, რომ უცხოური ინვესტიციები უფრო მეტია კრიპტო სამყაროში, ვიდრე ქართული, ბუნებრივია, რომ ამ ფონზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ აისახება ინვესტიციებზე. ახლა კრიპტო სამყაროში ყველაფერი იზრდება, მაგრამ უცხოელი ინვესტორები არ ჩანან, მშვიდ გარემოში 5-6 კომპანია მაინც უნდა შემოდიოდეს - ახლა მსგავსი არაფერი არ ჩანს“, - განაცხადა ნიკა თოდუამ.

რაც შეეხება მოლოდინებს, თოდუა ამბობს, რომ სიტუაციის დასტაბილურებამდე კრიპტო ბაზრის პერსპექტივები კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 28 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. ამ დროისთვის 2 300-ზე მეტი ბიზნესი Freebusiness.ge-ს პლატფორმაზე ერთიანდება. ისინი დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 23 დეკემბერს ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში 100-მდე ბიზნესს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესების ის ნაწილი, რომელიც არ არის რეგისტრირებული Freebusiness-ის პლატფორმაზე, ამბობდნენ, რომ „პრემიერმა დაარწმუნა იმაში, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზისთვის არ გადაუხვევია“. პლატფორმაზე რეგისტრირებული ბიზნესები კი კვლავ იმეორებდნენ ორ მთავარ მოთხოვნას: დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები.

მერი ტაბატაძე