აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ბადრა გუნბამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე კრიპტომაინინგთან ბრძოლის ქვედანაყოფის შექმნის განკარგულება გასცა.
ინფორმაციას გუნბას პრესსამსახური ავრცელებს.
„კრიპტოვალუტის მაინინგის საქმიანობისთვის ენერგიის მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გაძლიერების მიზნით გუნბამ ბრძანა, შსს-ს ბაზაზე სტრუქტურული ერთეული შეიქმნას. მან, ასევე, მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება დაავალა, რომლებიც ასეთი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას რეგლამენტირებას გაუწევს,” - წერია განცხადებაში.
დე ფაქტო პრესსამსახურის ცნობით, ახალი სტრუქტურული ერთეული „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა რაოდენობის ფარგლებში შეიქმნება.“
ახლახან აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგს მთლიანად კრძალავს. ასევე, დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომელიც მაინინგისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, „კრიპტოვალუტის მაინინგი, მიმოქცევა, გამოყენება, რეკლამა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მაინინგ-აღჭურვილობის, მათი კომპონენტებისა და ელემენტების იმპორტი სრულად იკრძალება.” მაინინგი როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებსა და ინდმეწარმეებს ეკრძალებათ.
რაც შეეხება ცვლილებებს ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსში, კანონპროექტის მიხედვით, დე ფაქტო საბაჟო საზღვრით აფხაზეთში მაინინგ-მოწყობილობების შეტანა, ელექტროქსელთან მათი დაერთება და მაინინგისთვის ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით, ანუ 30 კვტ/სთ-ზე მეტი ენერგიის მოხმარება თავისუფლების ერთიდან სამ წლამდე ვადით აღკვეთითა და აღჭურვილობის კონფისკაციით ისჯება.
ამასთან, ხუთ ერთეულამდე მაინინგ-მოწყობილობის ამოღება 50 ათასი რუბლით (485 დოლარით) დაჯარიმებასა და მათ კონფისკაციას ითვალისწინებს, ხოლო ხუთზე მეტი ერთეულის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე, მოხდება მათი კონფისკაცია, ხოლო ჯარიმა თითოეული მოწყობილობისთვის 20 ათას რუბლს (194 დოლარს) შეადგენს.
ცნობისთვის: აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგი 2018 წლიდან ნაწილობრივ იკრძალებოდა და აქამდე ის მხოლოდ კერძო ელექტროსადგურებში გამომუშავებული ენერგიის გამოყენებით იყო დაშვებული. ასევე, 2020 წლიდან კრიპტომაინინგის აღჭურვილობის იმპორტზე დროებითი აკრძალვა მოქმედებდა, რადგან ამ ტიპის საქმიანობა ელექტროქსელს მნიშვნელოვნად ტვირთვას და ენერგიის დეფიციტს იწვევს. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დე ფაქტო სამინისტროს მონაცემებით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება, 2016 წელთან შედარებით, 1 მლრდ კვტ/სთ-ით გაიზარდა, რაც, უწყების შეფასებით, კრიპტოვალუტის მაინინგთან არაეფექტური ბრძოლის შედეგია. კერძოდ, კრიპტომაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია დღეში, დაახლოებით, 40,5 მეგავატს შეადგენს, რაც, დაახლოებით, 1 მლნ კვტ/სთ-ის, ანუ 5 მლნ რუბლის (48,3 ათასი დოლარის) ეკვივალენტია. ეს არსებული დეფიციტის 60%-ია. ზოგადად, აფხაზეთში დენის უკანონო მოხმარებაში კრიპტოვალუტის მაინინგის წილი 97-98%-ია. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს აფხაზეთში 1,097 ერთეული მაინინგ-მოწყობილობა იქნა ამოღებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ