კაკაომ ფასის ზრდით ბიტკოინს გადაუსწრო - რა ღირს პროდუქტი

კაკაოს მარცვლები წელს ძირითად ნედლ პროდუქტებს შორის ყველაზე მომგებიანია, რითაც ბიტკოინსა და აშშ-ის საფონდო ბირჟასაც გადაუსწრო.

ამის შესახებ MarketWatch წერს.

მარტის მიწოდებებში კაკაოს ფასმა ტონაზე 11,954 დოლარს მიაღწია, რაც წლის დასაწყისიდან, თითქმის, 185%-ით მეტია.

შედარებისთვის: ბიტკოინი წლის დასაწყისიდან 128%-ით, ხოლო S&P 500-ის ინდექსი მხოლოდ 25%-ით გაძვირდა.

MarketWatch-ის შეფასებით, ამ “რალის” დასრულების ჯერ არანაირი ნიშანი არ არის.

დღეის მდგომარეობით ნიუ-იორკის ბირჟაზე კაკოს მარცვლის ფიუჩერსები ტონაზე 11,845 დოლარს შეადგენს. თუმცა 19 დეკემბრის ვაჭრობაზე, როცა ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ფიუჩერსების ფასმა 21,7%-ით მოიმატა, კაკაოს მარცვლამა ახალი რეკორდი მოხსნა და ტონაზე 12 ათას დოლარს გადააჭარბა.

ცნობისთვის: 2023/24 სასოფლო-სამეურნეო წელი ბოლო 60 წლის განმავლობაში კაკაოს მარცვლის ყველაზე დიდი დეფიციტით დასრულდა და ჯერ უცნობია, შეივსება თუ არა მარაგი. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კაკაოს მარცვლის ღირებულება, თითქმის, სამჯერ გაიზარდა. ეს განპირობებულია გვალვის შედეგად მოსალოდნელი დაბალი მოსავლით განასა და კოტ-დ'ივუარში, რომლებიც კაკაოს მარცვლის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები არიან. არსებული პროგნოზით, დასავლეთ აფრიკაში მშრალი ამინდი მომდევნო თვეებში კაკაოს მოსავალზე უარყოფითად იმოქმედებს. ამასთან, დეკემბრიდან მარტამდე დამატებით საფრთხეს საჰარის ქარი ქმნის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ