„სასტუმროების მიმართულებით კატასტროფული ვითარებაა, განსაკუთრებით, თბილისის ცენტრში“, - ამის შესახებ "სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სასტუმროებმა დეკემბერში მხოლოდ 10-12%-იანი დატვირთვით იმუშავეს.
„სასტუმროების მიმართულებით კატასტროფული ვითარებაა, განსაკუთრებით, თბილისის ცენტრში. 3 დეკემბრამდე კიდევ იყო ძველი ჯავშნები, 3-დან 25 დეკემბრამდე თითქმის დავკეტეთ სასტუმროები. ახლა, 25 დეკემბრიდან ცოტა თითქოს საახალწლო ჯავშნები წამოგვეწია, მაგრამ საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-12%-იანი დატვირთვით იმუშავა სასტუმროებმა, თვის ჭრილში“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
რაც შეეხება დეკემბრის გაყიდვების მაჩვენებელს, შარშანდელთან შედარებით, "სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელი ამბობს, რომ წელს დეკემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-იანი ვარდნაა.
შეგახსენებთ, რომ უკვე 28 დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.