1-ლი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს თბილისში, პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდებათ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვა 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს.
ცნობისთვის, დიდგაბარიტებიანი ავტომობილებისთვის დაწესებული შეზღუდვა აქამდე არ ვრცელდებოდა სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის, ახალი გადაწყვეტილებით კი 1-ლი იანვრიდან რეგულაციებს ისინიც დაექვემდებარებიან.
„1-ლი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებსაც შეეზღუდებათ გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ პიკის საათებში, დილის 8-საათიდან 11-საათამდე და 5 საათიდან 8 საათამდე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ან ღამის მონაკვეთში თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება და დისტრიბუციის განხორციელება“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.
08:00-11:00 საათების შუალედში რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.
შეზღუდვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. კანონის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.
დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში, შემდეგ მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.