FIAT-ისა და Maserati-ის ელექტრომობილების წარმოება შეჩერდა

კორპორაცია Stellantis-მა ელექტრომობილების, FIAT 500-ისა და Maserati-ის ზოგიერთი მოდელის წარმოება დაბალი მოთხოვნის გამო შეაჩერა.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კერძოდ, FIAT 500 EV-ის წარმოება კომპანიამ დეკემბრის დასაწყისში შეაჩერა და მირაფიორის ქარხანაში საწარმოო ხაზები, მინიმუმ, 20 იანვრამდე დახურა. აღსანიშნავია, რომ წელს ამ მოდელის წარმოების მეორე შეჩერებაა და პირველად ხაზი სექტემბერში დაიხურა.

FIAT 500 EV-თან ერთად 3 თებერვლამდე შეჩერდება სპორტული ავტომობილ Maserati-ის ორი მოდელის წარმოებაც, რომლებიც იმავე ქარხანაში იწარმოება. ამჟამად წარმოებაში Maserati-ის მხოლოდ ორი ელექტრომოდელი, GranTurismo Folgore და Grecale Folgore-ია.

FIAT-ისა და Maserati-ს ბრენდების მფლობელმა კორპორაცია Stellantis-მა იტალიის მთავრობას წარმოების განახლების გეგმა წარუდგინა. თუმცა ხელშესახებ შედეგებს 2026 წლამდე არ მოელიან და მომავალი წლის პროგნოზიც გაუარესებულია.

ცნობისთვის: წელს იტალიური ავტომობილების, მათ შორის, მსუბუქი მანქანებისა და ფურგონების წარმოება 500,000 ერთეულზე ნაკლებ რაოდენობამდე შემცირდება, მაშინ, როცა 2023 წელს 751,000 ერთეულს შეადგენდა. ეს 1958 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი დონე იქნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ