რეზერვები კრიტიკულ ზღვარს ჩამოსცდა, საგარეო იზოლაციის გამო, ეს პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება - რომან გოცირიძე

„მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა 124 მილიონი დოლარი იყიდა, რეზერვების მოცულობა არ გაზრდილა“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, მიუხედავად გასულ თვეში შეძენილი მილიონობით დოლარისა, საბოლოო ჯამში რეზერვების მოცულობა არ გაზრდილა. მანვე აღნიშნა, რომ რეზერვები კრიზიკულ ზღვარს ჩამოსცდა და მიმდინარე საგარეო წნეხის პარალელურად, პრობლემა უფრო გამწვავდება.

რას ნიშნავს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების 124 მილიონი დოლარით შევსება

„მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში დოლარები იყიდეს, რეზერვების მოცულობა არ გაზრდილა. ვალუტის ყიდვა ნიშნავს მიმოქცევაში მეტი ლარის გაშვებას, ანუ ლარის შესაძლო გაუფასურებას. ასეც მოხდა. თუ წინასაარჩევნოდ ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტი იყო ლარის სტაბილურობა (ფაქტობრივად, ფიქსაცია), რასაც დაახლოებით 700 მილიონი დოლარის რეზერვები შეეწირა, ახლა პრიორიტეტია რეზერვების შევსება, რადგან იგი კრიტიკულ ზღვარს ჩამოსცდა. სამომავლოდ, საგარეო იზოლაციის გამო, ეს პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება.

დეკემბერში, რომლის სტატისტიკას ეროვნული ბანკი იანვრის ბოლოს გამოაქვეყნებს, ეროვნულ ბანკს უკვე არ ექნება ვალუტის შესყიდვის შესაძლებლობა ლარის კიდევ უფრო გაუფასურების რისკის გამო, ამიტომ, რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა სხვა ხრიკს მიმართა, კომერციულ ბანკებს 5 პროცენტით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა, დაურეზერვა (ნორმატივი იყო 20 პროცენტი, დეკემბერში კი გახდა 25 პროცენტი). ამით, დეკემბერში რეზერვების მოცულობა კი გაიზრდება, მაგრამ ეს არ იქნება წმინდა რეზერვები, ზრდა მხოლოდ ქაღალდზე გამოჩნდება, რადგან რეალურად, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გაყინული უცხოური ვალუტა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ვალდებულებას კომერციული ბანკების მიმართ.

ის განცხადებები, რაც უცხოეთში კეთდება (დახმარებების შეწყვეტა), რეზერვების ადეკვატურ ზომამდე შევსების შანსს გამორიცხავს. პირიქით, მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას უნდა ველოდოთ“, - წერს რომან გოცირიძე.

მერი ტაბატაძე