გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტი, ანდრეი იარმაკი, რომელიც საქართველოში, მოლდოვაში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში რეგიონული პროექტების ხელმძღვანელია, ხილბოსტნეულის ბიზნესის 10 გლობალურ საინვესტიციო პრიორიტეტს ასახელებს.
იარმაკის ბლოგი EastFruit-ზე ვრცელდება.
ღრმა (შოკური) გაყინვა - ყველა სახის ხილი, კენკრა და ბოსტნეული გაყინვის შემთხვევაში, სუპერმარკეტებში ახლად ნაყიდთან შედარებით, უფრო გემრიელი და მკვებავია. მალფუჭებადი ხილი, კენკრა და ბოსტნეული გაყინვის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში იდეალურად ინახება, რაც ვაჭრობას ბაზრამდე მანძილის შეზღუდვის გარეშე ამარტივებს. გაყინული პროდუქტებით ვაჭრობა, ხილბოსტნეულის სხვა სეგმენტთან შედარებით, წელიწადში, დაახლოებით, 8-10%-ით, ანუ 800 მლნ დოლარით იზრდება.
მოცვი - ეს კატეგორია 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტაბილურად იზრდება, მაგრამ ჯერ არ არის გვიან მასში ინვესტირება, რადგან მოხმარება მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. ეს იმას ნიშნავს, რომ მრავალწლიანი ზრდა ისევ მოსალოდნელია. მოცვის მოყვანა მსოფლიოს უმეტეს კლიმატურ ზონაში არის შესაძლებელი, ხოლო მოშენება მეტად სწრაფად ვითარდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოცვი მეტად მოსახერხებელია მოხმარებისთვის. მოცვის გლობალური ვაჭრობა წელიწადში, საშუალოდ, 9%-ით, ანუ 450 მლნ დოლარით იზრდება, რაც ნებისმიერი ინვესტორისთვის კარგი ამბავია.
მანდარინი - ეს მეტად პოპულარული ხილი easy peelers-ის, ანუ “მარტივად გასარჩევ” კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან, მაგალითად, ფორთოხლისგან განსხვავებით, მათი გარჩევა მართლაც ადვილია. მოხერხებულობა აქაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია მოხმარების ზრდისთვის. “ადვილად გასარჩევი” ხილის გლობალური ვაჭრობა, მოცვის ვაჭრობასთან შედარებით, უფრო სწრაფად იზრდება. კერძოდ, წელიწადში 12%-იანი, ანუ 400 მლნ დოლარით ზრდა ფიქსირდება. თუმცა, მოცვისგან განსხვავებით, მანდარინი მხოლოდ გარკვეულ კლიმატურ ზონებში იზრდება.
დურიანი - აზიის მიღმა ბევრ ადამიანს არასდროს სმენია ამ ტროპიკული ხილის შესახებ. თუმცა ხილბოსტნეულის გლობალურ ვაჭრობაში ამჟამად ის მეექვსე უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორიაა. ყოველწლიურად დურიანით ვაჭრობა 26%-ით, ანუ 1.15 მლრდ დოლარით იზრდება. თუმცა არსებობს სერიოზული რისკი, რადგან დურიანის გაყიდვები მხოლოდ ერთ, კერძოდ, ჩინეთის ბაზარზე მეტად არის დამოკიდებული. ჩინეთი უმსხვილესი შემსყიდველია, რითაც გლობალურ მოთხოვნას მართავს. თუმცა ქვეყნის ეკონომიკურმა სირთულეებმა ეს სწრაფი ზრდა შესაძლოა, შეანელოს.
ბალი - კიდევ ერთი კატეგორია, სადაც მოთხოვნის მნიშვნელოვან ნაწილს ჩინეთი უზრუნველყოფს. თუმცა ეს ხილი ყველგან ყოველთვის კარგად იყიდება და მისი გადაზიდვა საზღვაო კონტეინერებით დიდ მანძილზე არის შესაძლებელი. ბლის მსოფლიო ვაჭრობა ყოველწლიურად 8%-ით, ანუ 368 მლნ დოლარით იზრდება, რაც ხილბოსტნეულით ვაჭრობის ზოგადი სტაგნაციის ფონზე მეტად კარგი მაჩვენებელია.
ჟოლო (ახალი) - ბევრი ინვესტორი თავს არიდებს ამ უაღრესად მალფუჭებად კენკრას, თუმცა ჟოლოს თანამედროვე გენეტიკა ახლად მოხმარებისთვის მეტად მიმზიდველ, გემრიელ და ტრანსპორტირებად ჯიშებს იძლევა. ისინი ტრენდულ მოცვზე მაღალ ფასში იყიდება. ახალი ჟოლოს და მაყვლის მსოფლიო ვაჭრობა წელიწადში 7%-ით, ანუ 250 მლნ დოლარით იზრდება. საერთაშორისო ბაზარზე გაყინულ ჟოლოზეც დიდი მოთხოვნაა.
კარტოფილი - ეს სეგმენტი რენესანსს განიცდის. ოდესღაც მოსაწყენი და იაფი კატეგორია კვლავ მოდური ხდება ახალი თანამედროვე ჯიშების, ასევე, მოსავლის მოყვანისა და აღების შემდგომი ტექნოლოგიების ხარჯზე. როგორც სამრეწველო, ასევე, სუფრის კარტოფილი მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით არის მიმზიდველი. კარტოფილით მსოფლიო ვაჭრობა სწრაფად იზრდება, რაც წელიწადში 8%-ით, ანუ 344 მლნ დოლარით მეტს შეადგენს. თუმცა ექსპორტზე მოყვანილი კარტოფილის მეტად მცირე პროცენტი გადის.
ავოკადო - მის წარმოებაში ინვესტიცია კვლავ მეტად მომგებიანია, თუ სწორ კლიმატურ პირობებში შესაფერისი მიწა და ხარისხიან წყლის რესურსზე კარგი წვდომაა. მსოფლიო ვაჭრობის შენელება ბაზრის გაჯერებაზე ან ფასების შემცირების აუცილებლობაზე მიუთითებს, რადგან ხილი იმპორტიორ ქვეყნებში საკმაოდ ძვირი რჩება. ყოველწლიურად ავოკადოს გლობალური ვაჭრობა 4-5%-ით, ანუ 344 მლნ დოლარით იზრდება და გლობალურ სასურსათო ბაზარზე ის უკვე ვაჭრობის მეოთხე უმსხვილესი კატეგორიაა.
სათბურის ბოსტნეული - ეს მაღალტექნოლოგიური კატეგორია მეტად დაბალი საწარმოო რისკით ინვესტორებს იზიდავს. თუმცა მავნებლების რისკებმა შესაძლოა, მთელი ბიზნესი შეაფერხოს, როცა იმპორტიორები გარკვეული ქვეყნების პროდუქტებზე თავიანთ საზღვრებს კეტავენ. სათბურის პომიდვრის, კიტრისა და წიწაკის მსოფლიო ვაჭრობა ყოველწლიურად 5-8%-ით იზრდება და მეტად დიდი მოცულობისაა. თუმცა აღებული ბოსტნეულის მალფუჭებადობის გამო თუნდაც იდეალური პირობებით ექსპორტის გეოგრაფია ყოველთვის შეზღუდულია. ზოგადად, გადახურული გრუნტის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სამომავლო საინვესტიციო კატეგორიაა, რადგან “სახურავის ქვეშ” სულ უფრო მეტ კულტურას მოიყვანენ.
ფორთოხალი - ახალი ფორთოხლის გლობალური ვაჭრობა საერთოდ არ იზრდება, რაც, ნაწილობრივ, ადვილად გასარჩევ ხილთან კონკურენციის შედეგია. ამდენად, ერთის მხრივ, ეს სეგმენტი საინვესტიციო პრიორიტეტებში არ უნდა ჩაითვალოს, თუმცა არის ერთი კონკრეტული სიტუაცია, რაც ფორთოხალზე ფასების მხარდაჭერას განაპირობებს. კერძოდ, ბრაზილია მრავალი წლის განმავლობაში გაყინული ფორთოხლის წვენის კონცენტრატის მთავარი მიმწოდებელია. გლობალურ ბაზარზე ქვეყნის წილი 60%-ზე მეტია. თუმცა ციტრუსის დაავადება და ძლიერი გვალვები ქვეყანაში წარმოებას მუდმივად ამცირებს, რაც ახალ ფორთოხალზე და მის წვენზე ფასის რეკორდულ დონემდე ზრდას იწვევს. ამდენად, მოსალოდნელია, რომ ამ სექტორში ფასების მხარდაჭერა გარკვეული დროით გაგრძელდება, რაც ბიზნესის მომგებიანობას გააუმჯობესებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ