„ვუთხარი პრემიერს, რომ განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყოთ, რომ არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერში, რომლის შეცვლაც ერთ საათში გიწევს და გიწევს ახსნა“, - ბიზნესმენი, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას იხსენებს.
როგორც რუხაძე „იმედთან“ ინტერვიუში ამბობს, ბიზნესსა და ირაკლი კობახიძეს შორის მიმდინარე შეხვედრაზე ისაუბრა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის დანიშვნის შესახებაც და თქვა, რომ უკეთესი, გამაერთიანებელი და დასავლეთთან კარგი ურთიერთობების მქონე პირის დანიშვნა უკეთესი იქნებოდა.
„ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული შეხვედრა იყო და ბევრ ხალხს მიეცა საშუალება რომ გამოეხატა თავისი აზრი. ურთიერთპატივისცემა იყო მთავრობის წევრებს და ბიზნესს შორის და ეს შეუძლებელია რომ არ იყოს, უნდა გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რომ ჩვენ ვართ წარმოუდგენელ ეკონომიკური აქტიურობისა და დოვლათის შექმნის პერიოდში. რამდენიმე წელი გვქონდა ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა და იმ ოთხში იმ ხალხი ვინც იჯდა, ეს სიკეთე ყველამ იგრძნო საკუთარ კომპანიაზე. იქ შეუძლებელი იყო, რომ ეს გრძნობა არ ყოფილიყო და ამ სულისკვეთებით მოვიდა ბევრი. იყო ხალხი, რომელიც დღეს აკრიტიკებს მთავრობას, რადგან მიაჩნიათ, რომ დღეს მთავრობა არასწორ პოზიციაზე დგას და იყო ბევრი ვინც ფიქრობდა, რომ მთავრობა დგას სწორ მხარეს და მათ ვეკუთვნი მეც.
მე ვთქვი სიტყვა, რომელმაც, როგორც ვხედავ, გამოიწვია ვნებათაღელვა, არ ვაპირებდი არანაირი სიტყვის თქმას, იქ მომივიდა თავში რომ მეთქვა და ახლა შევეცდები რომ გავიმეორე რაც იქ ვთქვი. პრემიერმა მოყვა გრძლად ისტორია უკრაინაში ომის დაწყებიდან და სად ვართ დღეს. ამ ისტორიას მე დიდწილად ვეთანხმები. ამას ყველა გულისყურით ვუსმენდით,რომ მორჩა საუბარი და დაიწყო კითხვები, მე დაახლოებით ვთქვი ასეთი რამე, პრემიერს ვუთხარი რომ ეს ისტორია რაც თქვენ ჰყვებით, არის ძალიან რთული ისტორია და ის რომ ჩვენ გისმენდით და არ გაწყვეტინებდით არ უნდა გადაიტანოთ იმაში, რომ ყველანი ვეთანხმებით. ჩვენ უბრალოდ პატივისცემით გისმენდით, არ გაწყვეტინებდით და ეს არ ნიშნავს, რომ ამ ოთახში ამას ხალხი ეთანხმება.
მე ვთქვი, რომ შენ თუ თავიდან პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოსგან მოითხოვდნენ ომში ჩაბმას, მაშინ ყველაფერი სხვა არის საგიჟეთი და მერე ყველანაირი მოქმედება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არაფერში არ ჯდება - უცებ დასავლურ სამყაროს შეასკდა, ყველა გადაიმტერა, მთელი მსოფლიო ჩვენ მოგვიტრიალდა და გვაგინებს და ა.შ. ეს არაფერში არ ჯდება, თუ იმ პირველი ნაწილის არ გჯერა. ეს იყო ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი. ვუთხარი, რომ ოთახში ზის ძალიან ბევრი, რომელსაც ამ ისტორიის არ სჯერა.
ბევრი რაღაც იყო ამ ისტორიაში, რაზეც შეიძლება ვიკამათო, მაგრამ ფუნდამენტური ნაწილის მჯერა, შესაძლოა ვცდები, მაგრამ მჯერა და თუ ეს გჯერა, მაშინ ბევრი რაღაც რაც პრემიერმა მოყვა სხვანაირად აღიქმება. მე ვთქვი, რომ რაღაცები შეიძლება არასწორად გააკეთა მთავრობამაც, იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენ მთავრობას თავზე და ამ სიტუაციაში ეგზისტენციური საშიშროებიდან როგორ გამოეყვანა ქვეყანა, ამ დროს რაღაცები შეიძლება „აეჭრათ“ და ეს მე ვთქვი იქ. ვუთხარი, რომ განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყოთ, რომ არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერში, რომლის შეცვლაც 1 საათში გიწევს და გიწევს ახსნა - ეს არ შეიძლება, უკვე იმხელა ძალები გყავს დაპირისპირებული, რომ უნდა იყო ფრთხილად.
მეორე ვთქვი ასევე, ბევრად უკეთესი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყაველაშვილს არ ვიცნობ და შეიძლება ფანტასტიკური პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს, შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი, მათ შორის ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე „ხალხის ძალა“ - ასეთი რაღაცები ვთქვი“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ „იმედთან“ ინტერვიუში.