ICR ჯგუფი ჭავჭავაძის გამზირზე, ხანძრის დროს გარდაცვლილი მეხანძრის ოჯახს 30 000 ლარს გადასცემს. ამის შესახებ კომპანია განცხადებას თავად ავრცელებს.
„აი სი არ ჯგუფი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ი.ჭავჭავაძის გამზირის #33-ში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვიზიარებთ დაღუპული მეხანძრე მაშველის გიორგი ლელაშვილის ოჯახისა და მეგობრების უდიდეს გულისტკივილს და ამ მძიმე წუთებში მის სამ არასრულწლოვან შვილს, მხარდაჭერის მიზნით გადავცემთ ფულად დახმარებას 30 000 ლარის ოდენობით“,- ნათქვამია ICR ჯგუფის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს კედლის გადმონგრევის შედეგად, მეხანძრე-მაშველი დაიღუპა.
ვაკეში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანებულ შენობაში განთავსებული იყო ბრენდები - „ტაბლა“, „პომოდორისიმო“, „პანუცო“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა“, „ოკაიდი“ და „ჯაკაიდი“. როგორც ICR ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა კახა ხაზარაძემ განაცხადა, ხანძრის შედეგად შენობა იმდენად დაზიანდა, რომ ექსპლუატაციაში შესვლა შეუძლებელია. შესაბამისად, აღნიშნული ბრენდების რელოკაცია განხორციელდება.