ელჩის თქმით, სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს საელჩოსთვის არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს

საბერძნეთში არსებული კრიზისის გამო სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს საელჩოსთვის არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს.

ამის შესახებ საქართველოს ელჩმა საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 29 ივნისიდან, რაც საბერძნეთში კრიზისული კვირა დაიწყო, საქართველოს საელჩომ და საკონსულომ ორ წყებად შემოიღო გარკვეული ღონისძიებები. კერძოდ, ვინაიდან ბანკები დაიხურა და საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ წვდომა საბანკო ანგარიშებზე, საკონსულო მომსახურების გაწევა ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, მეორე ეტაპზე კი, უფასო გახდა ის მომსახურებები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტებისთვის.

"ეს ღონისძიებები შეწყდა ორშაბათს, რადგან ბანკები ნაწილობრივ გაიღო და მოქალაქეებს უკვე შეეძლოთ საკონსულო მომსახურება დადგენილი წესით მიეღოთ. საბანკო და საფინანსო კრიზისის მეორე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ, ეს არის წვდომა საკუთარ საბანკო ანგარიშებზე და გადარიცხვები საბერძნეთის ფარგლებს გარეთ, რაც დღემდე შეზღუდულია და მომავალ ორშაბათამდე ასე გაგრძელდება. ამდენად, ეს პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია. ამ პერიოდში ზოგადად ქვეყანაში აქტივობა, ბუნებრივია, იყო შემცირებული, შესაბამისად, შემცირებული იყო მომართვიანობა და რაოდენობა იმ მოქალაქეებისა, ვისაც საკონულო მომსახურება, მათ შორის, საქართველოში დაბრუნება ესაჭიროებოდა", - განაცხადა ნანობაშვილმა.

ელჩის ინფორმაციით, კრიზისული კვირის პერიოდში საკონსულო დაწესებულებები ათენსა და სალონიკში დაახლოებით 200 ადამიანს მოემსახურა და აქედან მესამედს - უფასოდ.  იოსებ ნანობაშვილის შეფასებით, საბერძნეთში მცხოვრები ყველა ადამიანი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, ელოდებიან შეთანხმებას, რომელიც ბრიუსელში უნდა შედგეს. ისინი იმედოვნებენ, რომ შეთანხმება მოხდება, ბანკები გაიხსნება და ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას და ცხოვრებას საბერძნეთში.

ნანობაშვილის ინფორმაციით, საბერძნეთში სპეციალურად იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე, რომელიც დიასპორულ ორგანიზაციებს შეხვდა და მათგან მოისმინა ყველა ის პრობლემა, რომელიც ქართველებს შეექმნათ და საბერძნეთში შექმნილი კრიზისის გამო ქვეყნის დატოვებისა და საქართველოში დაბრუნების საჭიროება არც ამ შეხვედრებზე დაფიქსირებულა.