„დავინახე ირაკლი რუხაძის შეცვლილი ტონი, იმედი მაქვს, ამ ტონს მიმართავს ყველა სხვა ბიზნესმენი,“ - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, მას ჰყავს სანქციებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც თითოეული ქართველი ბიზნესმენის ევროპაში არსებულ ქონებას იკვლევს.
„დავინახე ირაკლი რუხაძის შეცვლილი ტონი, იმედი მაქვს, ამ ტონს მიმართავს ყველა სხვა ბიზნესმენი, რადგან თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ჩვენ არ მივადგებით სად აქვთ მათ ბინები ნაყიდი, ბარსელონებში თუ ლონდონებში და მათ დასანქცირებას არ მოვითხოვთ, ძალიან ცდებიან. მე მაქვს გაკეთებული სანქციებზე მომუშავე ჯგუფი, ყველას, პატარა მოტოციკლიც რომ ჰყავდეს დასავლეთ ევროპაში, იმასაც დავუსანქცირებთ. ჩვენ ვართ ფასეულობების ხალხი, მეორე მხარეს არის საკუთარი კომფორტის ხალხი. ბატონი ნოშიკო ნამორაძე, რომელსაც უზარმაზარ ცათამბჯენებზე აქვს ნებართვა აღებული და ოქროში ცურავს, რა თქმა უნდა, მას არაფერი აქვს დასაკარგი და რა თქმა უნდა, მას უნდა, რომ ქვეყანაში არაფერი შეიცვალოს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, რომელიც უკვე 29 დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. პროტესტის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
მათ შორის, ბიზნესსექტორმა შექმნა პლატფორმა Freebusiness.ge, რომელსაც უკვე დაახლოებით 2340-ზე მეტი სუბიექტი უერთდება. ეს კომპანიები თვლიან რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას.
აღსანიშნავია ისიც, რომ 23 დეკემბერს ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში 100-მდე ბიზნესს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესების ის ნაწილი, რომელიც არ არის რეგისტრირებული Freebusiness-ის პლატფორმაზე, ამბობდნენ, რომ „პრემიერმა დაარწმუნა იმაში, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზისთვის არ გადაუხვევია“. პლატფორმაზე რეგისტრირებული ბიზნესები კი კვლავ კრიზისის განმუხტვის საჭიროებაზე საუბრობენ და აცხადებენ რომ ამის ბერკეტი ხელისუფლების ხელშია. კრიზისი განმუხტვის გზას კი ეს ბიზნესმენები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაში ხედავენ.