ანექსირებულ ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ანექსირებულ ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში რუსეთმა ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადა. მიზეზი Volgoneft-ის ტანკერების ჩაძირვის შედეგად შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრაა.

ამის შესახებ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერმა, სერგეი აქსენოვმა განაცხადა.

თუ მანამდე საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ კრასნოდარის მხარის ქალაქ ანაპასა და თემრიუკის რაიონის კიდევ ოთხ დასახლებაში მოქმედებდა, 25 დეკემბერს საგანგებო რეჟიმი რეგიონულ დონეზე გამოცხადდა.

თავის მხრივ, კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, ანაპისა და თემრიუკის რაიონის სანაპიროებზე ნავთობპროდუქტების გამორიყვა “გაჭიანურდა და არ ჩერდება.”

მისი თქმით, მეცნიერებისა და სპეციალისტების თავდაპირველი გათვლებით, მაზუთის დიდი ნაწილი შავი ზღვის ფსკერზე უნდა დარჩენილიყო, რაც წყალში მის შეგროვებას შესაძლებელს გახდიდა, თუმცა ჰაერი თბება და ნავთობპროდუქტები ზედაპირზე ამოდის.

უკრაინის საზღვაო ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მონაცემებით, 23 დეკემბრისთვის შავ ზღვაში ჩაძირული რუსული ტანკერებიდან გაჟონილი მაზუთის ლაქა ქერჩის სრუტის მიდამოში იყო კონცენტრირებული. თუმცა ქარისა და დინების გავლენით დაბინძურების ზონა თანდათან ფართოვდება. ცენტრის ეკოლოგები ვარაუდობენ, რომ მაზუთის ლაქა გემების ჩაძირვის ადგილიდან, ანუ კავკაზის პორტის რაიონიდან ჩრდილოეთით აზოვის ზღვამდე გავრცელდება.

ამასთან, ნოვოროსიისკის ალექსინოში რვა, ხოლო კრასნოდარის მხარის სტანიცა ბლაგოვეშჩენსკაიაში ერთი დაღუპული დელფინი იქნა აღმოჩენილი, რომლებსაც მაზუთის კვალი აღენიშნებოდათ.

უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარი შეფასებით, დაზიანებული ავზებიდან 4,000 ტონაზე მეტი საწვავის ჩაღვრის შემთხვევაში შავი ზღვისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს.

ცნობისთვის: 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ჩაიძირა. გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის განცხადებით, ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი, ანუ 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები მოხვედრილიყო, რაც, გარემოსდამცველების შეფასებით, შავ ზღვაში შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფად იქცეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ