„სამსახურიდან გამათავისუფლეს. 8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე წერს.
როგორც ცნობილია, სოფრომაძე დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იყო.
გთავაზობთ გიგა სოფრომაძის „ფეისბუქ“ პოსტს:
„სამსახურიდან გამათავისუფლეს. 8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო... არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს... რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?! თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების "ღირსებაზე" იყოს,"- წერს გიგა სოფრომაძე.
როგორც თბილისის მერის კახა კალაძის ბრძანებაში წერია, მას შრომითი ხელშეკრულება 1-ლი იანვრიდან შეუწყდება. სამსახურიდან გათავისუფლების განმარტებაში კი ვკითხულობთ:
„მოგახსენებთ, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში დასაქმებულია შტატგარეშე თანამშრომელი გიგა სოფრომაძე. შრომით ხელშეკრულებით, მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ზემოაღნიშნული სამსახურის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის მოვალეობის შესრულება.
გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურის მიერ განხორციელებული ყველა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამას უკვე ჰყავს თავისი კოორდინატორები, ზემოაღნიშნული შტატგარეშე პოზიციის არსებობა საჭიროებას აღარ წარმოადგენს“.
ცნობისთვის, გიგა სოფრომაძე საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია. გაერთიანების განცხადებით, "ორგანიზაცია, დაფუძნებისთანავე დღის წესრიგში დააყენებს იმ რეპრესიული აქტის საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას".
ამასთან, გიგა სოფრომაძე იმ პეტიციის ხელმომწერიც არის, რომლითაც თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა.