გამოკითხულთა უმეტესობა - 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს - IPM

გამოკითხულთა უმეტესობა - 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს, - აღნიშნულის შესახებ გამოკითხვის შედეგებს IPM Market Intelligence Caucasus-ი ავრცელებს.

რაც შეეხება საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს, მას გამოკითხულთა 22% თვლის ქვეყნის პრეზიდენტად.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 16% საქართველოს პრეზიდენტთან არც ზურაბიშვილს და არც ყაველაშვილს არ აღიარებს, 16%-მა კი „არ იცის“ ან „არ სურს“ კითხვაზე პასუხი.

ამასთან, გამოკითხულ მოქალაქეთა 72% თვლის, რომ დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს აქციის დროს დაკავებული ყველა პირი. 17% მათ გათავისუფლებას ეწინააღმდეგება, ხოლო 11%-ს არ აქვს გამოკვეთილი პასუხი ამ კითხვაზე.

ცნობისთვის, IPM Market Intelligence Caucasus-ს სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართვლოს მასშტაბით 24-25 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ ასაკის 800 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 3%-ს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩია. ყაველაშვილი პრეზიდენტის ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ინაუგურაცია 29 დეკემბერს არის დაგეგმილი.

მერი ტაბატაძე