გასულ წელთან შედარებით, საახალწლოდ ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა შემცირებულია - „ზარაფხანა“

საახალწლოდ „ზარაფხანას“ ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა ნორმალურია, მაგრამ გასულ წელთან შედარებით აშკარა ვარდნა გვაქვს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ზარაფხანას“ გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი მიმდინარე მოვლენებია.

„რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები მოქმედებს ამ ყველაფერზე და თუ ასე გაგრძელდა, წინა წელთან შედარებით დისბალანსი გაიზრდება“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ფასებს, თორნიკე სამხარაძე აღნიშნავს, რომ ცვლილება არ იქნება, რადგან ოქროს საერთაშორისო ფასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არსებობს

„ოქროს საერთაშორისო ფასთან დაკავშირებით მოლოდინები პოზიტიური გვაქვს, ამიტომ პროდუქციის გაძვირება გეგმაში არ გვაქვს. მთავარია, რომ საოპერაციო ხარჯები არ გვეზრდება და თანამშრომლების ანაზღაურების საკითხში ნეგატიური ცვლილებები არ არის. ამიტომ პროდუქციის გაძვირება, მიუხედავად მოთხოვნის შემცირებისა, ჩვენს გეგმებში არ შედის“, - განაცხადა „ზარაფხანას“ გენერალურმა დირექტორმა.

ეკა დარჩიაშვილი