„აქტიურად ვმუშაობთ ინვესტორებთან, რომ წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობა და თანამშრომლობა შევინარჩუნოთ“ - ნინო დევდარიანი

„აქტიურად ვმუშაობთ თითოეული ჩვენს ინვესტორთან, რომ წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობა და მათთან თანამშრომლობა შევინარჩუნოთ, შეფერხებები არ იყოს და ქვეყანაში დამატებითი სახსრები მოვიზიდოთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნინო დევდარიანმა განაცხადა.

როგორც დევდარიანი აღნიშნავს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მიკროსაფინანსო სექტორის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოზიდულ ფულად სახსრებზე ჯერჯერობით არ ასახულა.

„რაც შეეხება მიკროსაფინანსო სექტორის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიერ მოზიდულ სახსრებს, პირველი 9 თვის მონაცემებით არ გვაქვს შემცირება. მიკროსაფინანსო სექტორი აქტიურად იზიდავს უკვე სახსრებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი გვიკავია.

გამომდინარე იქიდან, რომ პირველი 9 თვე არ ასახავდა იმ შოკსა და კრიზისს, რაც ახლა მიმდინარეობს, გამიჭირდება იმის თქმა, კონკრეტულად ამჟამად ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაში მიმდინარე მოვლენებს რა გავლენა ექნება შემდეგი კვარტლების მონაცემებზე. თუმცა, აქაც მინდა ვთქვა, რომ აქტიურად ვმუშაობთ თითოეული ჩვენს ინვესტორთან, რომ ის წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობა და მათთან თანამშრომლობა შევინარჩუნოთ, შეფერდებები არ იყოს და ქვეყანაში დამატებითი სახსრები მოვიზიდოთ.

რა თქმა უნდა, არასტაბილურობის პერიოდში ეს ამოცანები გარკვეულწილად რთულდება, თუმცა, რომ გითხრათ, ამ ეტაპზე შეფერხებები გვაქვს და ინვესტორებმა უარი თვეს ჩვენი სექტორის დაკრედიტებაზე, ეს მოცემულობა არ გვქონია ჯერ. ყოველივე ეს ჯერჯერობით ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს და იმედი მაქვს, რომ არ შეიცვლება მოცემულობა, რადგან ინვესტორების არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ეკონომიკისა და ზოგადად ჩვენი სექტორისთვის“, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 30 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.

მერი ტაბატაძე