"ვიცი რა ხდებოდა კულისებს მიღმა და გარეთაც - კობახიძის შეხვედრა ემსახურებოდა ბიზნესის დაყოფის მცდელობას, რაც ყველაზე მეტად მაშინებს" - კახა ხაზარაძე

"შეხვედრის პრობლემას ვერ ვხედავ მაგრამ ალბათ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მოდერაციით," - ასე პასუხობს "აი სი არ ჯგუფის" ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე კითხვას - შეხვდება თუ არა ირაკლი კობახიძეს შეთავაზების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში 100-მდე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა. ბიზნესის წარმომადგენლებთან 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ კი გაკეთდა განცხადებები რომ მსგავსი კომუნიკაცია გაგრძელდება და სხვა ბიზნესებთანაც დაიგეგმება შეხვედრა.

როგორც კახა ხაზარაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე" განაცხადა, კობახიძესთან შეხვედრის შემთხვევაში შეკითხვას დასვამდა, მაგრამ ალბათ, პასუხს ვერ მიიღებდა.

"რადგან ირაკლი კობახიძემ თავად გამოთქვა შეხვედრის სურვილი, შემოთავაზების შემთხვევაში უარს არ ვიტყოდი რომ არ იფიქროს შეხვედრას გავურბივარ. თუმცა, შეხვედრიდან არაფერს არ ველოდები.

ჩემი აზრით, ის შეხვედრა რომელიც შედგა ბიზნესთან ორ მიზანს ემსახურებოდა. ვიცი რა ხდებოდა კულისებს მიღმა და გარეთაც... შეხვედრა 4 საათი გაგრძელდა , აქედან 1 საათი მონოლოგი იყო - "ოცნების" 12-წლიანი ისტორიის, რომ ბიზნესი თავისუფალია. მაგრამ ამაზე შეკითხვა მაქვს: შეხვედრიდან გამოსული ადამიანების 90% ან ემალებოდა ან გაურბოდა შეკითხვას და თუ თავისუფალია რა პრობლემაა?!

მეორე რასაც ემსახურებოდა ეს შეხვედრა ვფიქრობ იყო, რომ გაყონ ბიზნესი, რაც მე ყველაზე მეტად მაშინებს. ამ დროს ბიზნესს არაფერი გასაყოფი არ გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ბიზნესის დაყოფა არ მოხდება," - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.

თაია არდოტელი