ფინეთის პოლიცია რუსულ „ჩრდილოვან“ ტანკერს წყალქვეშა კაბელის გათიშვის საქმეზე ამოწმებს

ბალტიის ზღვაში წყალქვეშა ელექტროკაბელ Estlink 2-ის დაზიანების გამო ევროკავშირი რუსული ტანკერების ფლოტის წინააღმდეგ შეზღუდვის დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს შემოიღებს.

ამის შესახებ ევროკომისიისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაი კალასის ერთობლივ განცხადებაში წერია.

ინციდენტს ევროკავშირის ხელისუფლება ფინეთის პოლიციასთან ერთად იძიებს, რომელშიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემი არის ეჭვმიტანილი. კერძოდ, ტანკერი Eagle S ფინეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ გააჩერა, რაც 25 დეკემბერს ფინეთის ყურეში წყალქვეშა კაბელი, Estlink 2 გაითიშა. ტანკერი, რომელიც კუკის კუნძულებზე არის რეგისტრირებული და ნავთობი რუსეთიდან ეგვიპტეში გადააქვს, ინციდენტის დროს კაბელის თავზე დაცურავდა.

ფინეთის მთავრობის ცნობით, ეს ძველი ტანკერი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და გამოძიების ყურადღების ცენტრშია. ჩრდილოვანი ფლოტი ძველი და ხშირად ცუდად მოვლილი გემების ჯგუფია, რომელსაც რუსეთი ნავთობის ექსპორტზე საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით იყენებს.

ცნობისთვის: 25 დეკემბერს ფინეთის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორ Fingrid-მა ფინეთსა და ესტონეთს შორის Estlink 2-ის ელექტროქსელში შეფერხებები დააფიქსირა. იმავე დღეს ესტონეთსა და ფინეთს შორის სამი საკომუნიკაციო კაბელი დაზიანდა. ამასთან, 2 დეკემბერს ფინეთში შვედეთთან დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დაზიანდა, რამაც კომუნიკაციის მასშტაბური გაუმართაობა გამოიწვია, ხოლო მანამდე, 18 ნოემბერს ფინეთ-გერმანიის კავშირგაბმულობის კაბელი გაწყდა, რომლის მიზეზებზე გამოძიება დღემდე გრძელდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ