ვერ დავინახე მზაობა იმის, რომ შესაძლებელია რამე შეიცვალოს ახლო მომავალში - ბესო ორთოიძე კობახიძესთან შეხვედრაზე

„ბერკეტი, ძალაუფლება და პასუხისმგებლობაც ახლა აქვს ხელისუფლებას, შესაბამისად, მათ უნდა გადადგან ყველა ნაბიჯი, რომ კრიზისის დეესკალაცია დაიწყოს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული კრიზისი უფრო მეტად ღრმავდება როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ნაწილში და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

„განსხვავებით საერთაშორისო ფინანსური კრიზისული პერიოდებისა, რომელიც ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, ახლა გვაქვს ლოკალური კრიზისი. გასაგებია, რომ ეს საგარეო კურსსა და პოლიტიკასთან არის კავშირში, თუმცა ბერკეტი, ძალაუფლება და მათ შორის პასუხისმგებლობაც ახლა აქვს ხელისუფლებას. შესაბამისად, მათ [„ქართულმა ოცნებამ”] უნდა გადადგან ყველა ნაბიჯი, რომ კრიზისის დეესკალაცია დაიწყოს.

მნიშვნელოვანია, რომ უფრო და უფრო ღრმავდება კრიზისი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ნაწილში, შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი. ვნახეთ, რომ ბიზნესის დიდმა ნაწილმა განცხადება-პეტიციით მიმართა ხელისუფლებას იმის შესახებ, თუ რაში ხედავდა დეესკალაციის გზას: უნდა მომხდარიყო ჰუმანური აქტი პატიმრების ნაწილში და პოლიტიკურ ნაწილში უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუმცა

ამაზე არც პასუხი არ არსებობს და არც რაიმე ალტერნატიული შემოთავაზებული გზა“, - ამბობს ორთოიძე.

23 დეკემბერს ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში 100-მდე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა, მათ შორის იყო ორთოიძეც. შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა მოსაზრება, რომ ბიზნესთან შეხვედრები გაგრძელდება. „არსის“ დირექტორს ვკითხეთ, ხედავს თუ არა დეესკალაციის გზას მსგავსი ტიპის შეხვედრებში და აპირებს თუ არა კიდევ ერთხელ შეხვედრის ჩატარების შემთხვევაში მისვლას.

„ამ ფორმატში თითქოს რესურსი არ არის. ვერ დავინახე მზაობა იმის, რომ შესაძლებელია რამე შეიცვალოს ახლო მომავალში იმიტომ, რომ მათ [„ქართულ ოცნებას“] გარკვეულ მოლოდინებზე აქვთ დამყარებული პოზიცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას ელოდებიან და შემდეგ უნდა გადაიტვირთოს ეს ყველაფერიო. რაღაც მოლოდინი აქვთ და ამ მოლოდინამდე არ იყო მზაობა რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმის. თუმცა დიალოგი ყოველთვის მგონია სწორი, შეიძლება სამი დღის წინ სხვა განწყობა იყო და რამდენიმე დღეში რაღაც შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ალბათ, ყოველთვის სწორია დიალოგი, ამის მზაობა ყოველთვის გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ იქნებიან კომპანიები, ვინც არ ჩათვლიან საჭიროდ კიდევ ერთხელ შეხვედრას და იქნებიან კომპანიები, რომლებიც ჩათვლიან რომ საჭიროა,“ - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

მერი ტაბატაძე