დათმობა სირცხვილი არ არის, პირიქით, ღირსეული ნაბიჯი იქნება - ბექა ბექაია

„ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი ბექა ბექაია მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავრობამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის დეესკალაციისთვის. „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბექაია აღნიშნავს, რომ დღევანდელი რეალობა საზოგადოების, ბიზნესისა და ქვეყნის განვითარებისთვის სერიოზულ გამოწვევებს ქმნის.

მისი თქმით, 23 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდა 100-მდე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი, მათ შორის „ნუტრიმაქსიც“, დაისვა არაერთი კრიტიკული კითხვა. თუმცა, ვერ მოისმინა კონკრეტული გეგმები, თუ როგორ აპირებს მთავრობა არსებული დაძაბულობის შემცირებას.

ბექაიას შეხედულებით, დეესკალაცია ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია: „ყველა ველოდებით, რომ გლობალური ვითარება შეიცვლება: უკრაინაში ომი დასრულდება, ტრამპის ადმინისტრაცია მოვა, რაც შესაძლოა, პოზიტიური მოლოდინები გაამყაროს. მაგრამ თუ ეს მოლოდინები არ გამართლდა, ჩვენი ეკონომიკა სერიოზულ დარტყმას მიიღებს. ინვესტიციები შეჩერდება, ტურიზმი დაიკლებს, ლარის კურსი ისევ ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, რაც საერთო ეკონომიკურ სტაბილურობაზე უარყოფითად აისახება,“ - აღნიშნა ბექაიამ.

მისი თქმით, დღევანდელ რეალობაში მთავარი პრობლემა დიალოგის არარსებობაა.„არავინ არ საუბრობს ერთმანეთთან. არიან დაპირისპირებული მხარეები: მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება. ეს არის ის, რაც უნდა შეიცვალოს. შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საშუალება მოგვეცა კრიტიკული კითხვები დაგვესვა. თუმცა, პასუხები კონკრეტულ გეგმებზე არ მოგვაწოდეს,“ - აღნიშნა ბექაიამ.

ბექაია საზოგადოებისა და ბიზნესის ერთიანობაზე ამახვილებს ყურადღებას: „საზოგადოება, ოჯახები, სამეგობროები და, ხშირად, კომპანიებიც გახლეჩილია. ეს არამარტო ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნის მთლიანობისთვისაც სერიოზული საფრთხეა. ამ სიტუაციაში მთავრობას აქვს ფუნდამენტური შესაძლებლობა, რომ თავისი მოქმედებებით განმუხტოს დაძაბულობა. დათმობა სირცხვილი არ არის. პირიქით, ეს იქნება ღირსეული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, რომელიც არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ ბიზნეს გარემოსაც განამტკიცებს,“ - განაცხადა ბექაიამ.

ბექაიას შეფასებით, მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც გააერთიანებს საზოგადოებას, გაზრდის ნდობას და შექმნის ხელსაყრელ პირობებს ქვეყნის განვითარებისთვის. „ბიზნესისა და მთავრობის თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ორივე მხარე გაითვალისწინებს კომპრომისისა და დიალოგის მნიშვნელობას,“ - დასძინა მან.

მერი ტაბატაძე