"რაც უნდა მაქსიმალურ დათმობაზე წავიდეს ევროპა, საბერძნეთის ვალების დაფინანსების გაგრძელება მაინც მოუწევს"

ჩინეთში დაწყებულ ფინანსურ კრიზისზე, თუ როგორ აისახება ეს კრიზისი მსოფლიო ეკონომიკაზე, შექმნილ ვითარებაში რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, რათა მაქსიმალურად აიცილოს მსოფლიო ეკონომიკაში დაწყებული რყევები, ასევე სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება ევროკავშირსა და საბერძნეთს შორის დაწყებული ფინანსურ-ეკონომიკური დავა, "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკური საკითხების ექსპერტს, ემზარ ჯგერენაიას ესაუბრა.

- თქვენი და თქვენი კოლეგა ექსპერტების შეფასებით, 8 ივლისს ჩინეთის ეკონომიკაში მომხდარი შესამჩნევი ცვლილებები შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფითად აისახოს. შანხაისა და შენჟენის საფონდო ბირჟებზე, რომლებშიც ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები შედიან, ინდექსები საგრძნობლად დაეცა. ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ბანკებს 19 მილიარდი მისცა, რომ ბირჟაზე ოპერაციები განახორციელონ, ფასიანი ქაღალდების რეგულატორმა მოუწოდა წამყვან საბროკერო ფირმებს, გაააქტიურონ ოპერაციები და მხარი ბაზარს დაუჭირონ. მიუხედავად ამისა, თქვენივე შეფასებით, "ჩინეთის ფინანსური ბუშტი სკდება და კრიზისი გარდაუვალია". რამ გამოიწვია ჩინეთში ფინანსური კრიზისი და სავარუდოდ, როგორ აისახებს იგი მსოფლიო ეკონომიკაზე?

- ჩინეთი გახლავთ ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა, იგი ამ კუთხით მსოფლიო ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი იყო, მაგრამ ჩინეთისთვის აქილევსის ქუსლი იყო შიდა მოხმარება. უფროს სწორად, შიდა მოხმარების საკმაოდ დაბალი დონე. იმის გამო, რომ ქვეყანა ექსპორტზე იყო ორიენტირებული და არ ჰქონდა შიდა მოხმარება, შეიქმნა საშიშროება. ჩინეთის მთავრობამ რამოდენიმე ხნის წინ დაიწყო შიდა მოხმარების პროვოცირება, მიიღო რამოდენიმე ლიბერალური კანონი, რომელიც შეეხო მანქანის თავისუფლად შეძენას, მეორე ბინების მშენებლობას და ასე შემდეგ. ამან კი დაჩქარებული ტემპებით გამოიწვია შიდა ბაზარზე მშენებლობის ბუმი. უკანასკნელი წლებში ჩინეთის ეკონომიკის სერიოზული კომპონენტი, თითქმის 8% სწორედ მშენებლობაზე მოდიოდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ე.წ. ბუშტი გაიზარდა, გაიბერა და გასკდა კიდეც. სამშენებლო დეველოპერული კომპანიების გააქტიურებამ და ბინებზე ფასების ვარდნამ გამოიწვია ის სიტუაცია, რაც დღეს ჩინეთშია. ამ კრიზისის მთავარი წამყვანი გახდა მოხმარების შემცირება.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს. შიდა პროცესებიდან გამომდინარე, ბოლო წლებში ჩინეთი მსოფლიოს სასაქონლო ბაზარზე გახდა ძირითადი მომხმარებელი ყველა სახის პროდუქციის. ამიტომ, ჩინეთის ეკონომიკის კრიზისი გამოიწვევს მსოფლიო ბაზარზე მოხმარების კლებას, მათ შორის - ნავთობზე, სილოკომანგანუმზე, რკინაზე, ცემენტზე და სხვა სახის პროდუქციაზე, რაც სჭირდებოდა ჩინეთის ეკონომიკის სამშენებლო დარგს. ეს კი, პირველ რიგში შეეხებათ ჩინეთის ძირითად სავაჭრო პარტნიორებს - ევროპასა და ამერიკას. შესაბამისად, ეს პროცესი ყველას შეეხება, მათ შორის საქართველოსაც.

- იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთი საქართველოს სერიოზული ეკონომიკური პარტნიორი გახდა, ჩინელებს საქართველოში არაერთი პროექტი აქვთ დაწყებული. თქვენი შეფასებით, როგორ აისახება ჩინეთში დაწყებული პროცესები საქართველოზე? და კიდევ, რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ გარკვეული პრევენციული ნაბიჯები დღესვე გადაიდგას, ვინაიდან როგორც ჩანს, ეს პროცესი მალე არ დასრულდება...

- ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, პირველ რიგში ჩვენ უნდა გადავხედოთ, რა შეიძლება შემცირდეს. ჩინეთთან ურთიერთობაში სამი ძირითადი მიმართულებაა, პირველი გახლავთ ექსპორტის მიმართულება, ანუ რა შეიძლება შემცირდეს და ჩვენ რით შეიძლება ჩავანაცვლოთ. მეორეა კაპიტალის მოძრაობის მიმართულება; ჩინეთი 2014-2015 წლებში ჩვენთვის სერიოზული ინვესტორი იყო, სწორედაც რომ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით უნდა გავაქტიურდეთ. აზიის განვითარების ბანკთან საქართველოს ურთიერთობაში სწორედ ჩინეთი თამაშობს საკმაოდ სერიოზულ როლს. საყურადღებოა ასევე ახალ მსოფლიო ბანკად მონათლული, ახლახან შექმნილი აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა, სადაც ჩინეთი ასევე ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს. რამოდენიმე დღის წინ საქართველო შეურთდა ამ ბანკს.

- ევროკავშირსა და საბერძნეთს შორის დაწყებული პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის.

ათენმა ბრიუსელს წინადადებები 2-3 დღეში უნდა წარუდგინოს. თქვენი ვარაუდით, როგორი იქნება ბერძნული წინადადებები და მათზე ევროკავშირის პასუხი? რას დათმობს ევროკავშირი და სავარაუდოდ, რა დათმობებზე წასვლა მოუწევს საბერძნეთს?

- მანდატით გაგულიანებული საბერძნეთის პრემიერ-მინსტრი ციპრასი არაფრის დათმობას არ აპირებს. ევროპარლამენტში გამოსვლისას მან მგზნებარედ კი ილაპარაკა, მაგრამ ევროკავშირისთვის მას არაფერი კონკრეტული არ შეუთავაზებია. ალბათ, მკაცრი რეფორმების დაწყებას საბერძნეთის ეს მთავრობა ვერ შეძლებს. რაც უნდა მაქსიმალურ დათმობაზე წავიდეს ევროპა, მას მოუწევს საბერძნეთის ვალების დაფინანსების გაგრძელება. ევროპას ძალიან არ უნდა, რომ მათი რიგებიდან საბერძნეთი გავიდეს. ჯერჯერობით, არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს იმისა, რომ საბერძნეთი ევროკავშირს ატლერნატივის სახით მოქმედების რაიმე რაციონალურ გეგმას შესთავაზებს. ვიმეორებ, ციპრასი ევროპარლამენტში მგზნებარედ კი გამოვიდა, პოპულისტური აზრები აფრქვია, მაგრამ საქმეზე კონკრეტულად არც უსაუბრია.

- საბერძნეთის პრემიერმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა - "სესხების უმეტესი ნაწილი საბერძნეთამდე არც ჩამოსულა". იმის გათვალისწინებით, რომ ევროპელი ჩინოვნიკების კორუმპირობულობაზე ინფორმაცია ხშირად ვრცელდება, ლოგიკურია, კითხვა ასე დაისვას - ამ მხრივ ჩვენთან როგორაა საქმე? ანუ, სხვადასხვა მიზნებისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები თბილისში სრულად ჩამოდის და საქმეს ხმარდება?

- განცხადება იმის თაობაზე, რომ სესხები საბერძნეთამდე არც ჩასულა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს თანხები გზაზე ვიღაცამ "მოტეხა". ეს ნიშნავს იმას, რომ სესხების უმრავლესობა რეფინანსირების მომსახურებითვის იყო განკუთვნილი, ანუ იმისთვის, რასაც ახლა ითხოვენ. საბერძნეთს გერმანიის ბანკების 56 მილიარდი ვალი აქვს. ვთქვათ, გერმანიის ბანკმა საბერძნეთს მისცა 20 მილიარდი, აქედან 12 მილიარდი მოხმარდა წინა სესხის მომსახურებას, ანუ საბერძნეთში რეალურად ჩავიდა 8 მილიარდი. რეალურად ასეთი ვითარებაა და საუბარი არ არის იმაზე, რომ ვიღაცამ საბერძნეთს ფინანსები მოუტეხა. ჩვეთან სხვადასხვა პროექტებისათვის გათვალისწინებული სესხები რა თქმა უნდა, სრულად ჩამოდის. სხვაგვარად წარმოუდგენელია.

- ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთი ისარგებლებს ევროკავშირის სისუსტით და საბერძნეთის მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს. რუსეთში დღეს არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით ამგვარი რამ თითქმის წარმოუდგენელია. თქვენი აზრით, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას რუსეთმა საბერძნეთის მიმართულებით და სავარაუდოდ რა ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ?

- რუსეთი ვერანაირ სერიოზულ ნაბიჯებს ვერ გადადგამს, ვინაიდან ახლა თავადაც საკმაოზე მეტად უჭირს. გარდა ამისა, ჩემი აზრით, რუსეთს საბერძნეთის დახმარების არც სურვილი არა აქვს. ერთადერთი, რაც რუსეთის ბიზნესმენებმა შეიძლება გააკეთონ, ეს საბერძნეთში გაიაფებული უძრავი ქონების შეძენაა. ამას ახლა რეალურად კი აკეთებენ, მაგრამ სხვა რაიმე სერიოზული გეგემები მათ საბერძნეთთან მიმართებაში არც შეიძლება ჰქონდეთ. რუსეთი ბევრს საუბრობას მისი გაზის ევროპაში გაზის ექსპორტის სქემაში საბერძნეთის ჩასმაზე, მაგრამ არა მგონია, რომ მათ ამ მიმართულებითაც შეძლონ რაიმე ხელშესახების გაკეთება.

იხილეთ გაგრძელება