ყაზახეთში Azerbaijan Airlines-ის (AZAL) თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ უცხოური ავიახაზები რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებენ.
კერძოდ, The Jerusalem Post-ის ცნობით, ისრაელის ავიაკომპანია El Al-მა განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან თელ-ავივი-მოსკოვის რეისს შეაჩერებს.
ავიაკომპანია წერს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება „რუსეთის საჰაერო სივრცეში განვითარებული მოვლენებით“ აიხსნება, ხოლო მომდევნო კვირაში კომპანია სიტუაციას ხელახლა შეაფასებს და აღნიშნულ რეისზე ფრენებთან დაკავშირებით ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ფრენების შეჩერება, ასევე, ყაზახურმა ავიაკომპანიებმა, Air Astana-მ და Qazaq Air-მა დააანონსეს. ამ უკანასკნელის ცნობით, მიმდინარე წლის 28 დეკემბრიდან 2025 წლის 27 იანვრამდე ასტანა-ეკატერინბურგის რეისს დროებით აჩერებს. გადაწყვეტილების მიზეზად ავიაკომპანია “რუსეთში ფრენების რისკის შეფასების საფუძველზე მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას” ასახელებს. Qazaq Air რეისების აღდგენაზე გადაწყვეტილებას რისკების ხელახალი შეფასების შემდეგ მიიღებს.
თავად AZAL-მა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ფრენები მახაჩკალასა და გროზნოში შეაჩერა, რასაც ამჟამად მინვოდის, სოჭის, სამარას, უფას და ვოლგოგრადის რეისებს ამატებს. რეისები 28 დეკემბრიდან საბოლოო გამოძიების დასრულებამდე შეჩერდება. AZAL-ის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსეთში ფრენებისთვის „შესაძლო რისკებისა“ და Embraer 190-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე „წინასწარი გამოძიების შედეგების“ გათვალისწინებით, რამაც „ფიზიკური და ტექნიკური ჩარევა“ გამოავლინა. ავიაკომპანია, ასევე, აღნიშნავს, რომ ფრენების შეჩერება აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო სააგენტოს გადაწყვეტილებით იქნა მიღებული.
ცნობისთვის: 25 დეკემბერს, შუადღისას Embraer AZAL-ი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა. ბორტზე 67 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. აქედან 38 ადამიანი დაიღუპა, 29 კი გადარჩა. ბორტზე მყოფი მგზავრების უმეტესობა აზერბაიჯანის, ხოლო 16 რუსეთის მოქალაქე იყო, საიდანაც შვიდი დაიღუპა.
Euronews, Reuters და სხვა მედიასაშუალებები აზერბაიჯანის მთავრობის ოთხ წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა „პანცირის“ ე.წ. მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა გახდა. კერძოდ, რაკეტა გროზნოს თავზე უკრაინული დრონების ფრენის დროს იქნა გასროლილი და შუა ფრენისას თვითმფრინავის გვერდით აფეთქდა, რომლის ფრაგმენტებიც მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს მოხვდა. ავარიულ დაშვებაზე პილოტების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის აეროპორტებმა მის მიღებაზე უარი განაცხადეს და აქტაუს მიმართულებით კასპიის ზღვის გადაფრენა უბრძანეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ