ლარის დევალვაციის გამო "ლილო მოლს" საბანკო კრედიტის ყოველთვიური მომსახურება 100 ათასი ლარით გაუძვირდა.
როგორც კომპანიის დირექტორმა, გია კვარაცხელიამ bpn.ge-ს განუცხადა, "ლილო მოლმა" ორი თვის წინ ახალი სასაწყობე ტერმინალი გახსნა, რაშიც შვიდი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული ფულადი რესურსი კი ბანკიდან მოიზიდა. "35 ჰა-ზე გადაჭიმული სავაჭრო ზონის მოსავლელად და ბიზნესის გასავითარებლად კომპანიას სესხი გამუდმებით სჭირდება. ბანკები კი ეროვნულ ვალუტაში მხოლოდ მოკლევადიან და ძვირ კრედიტებს გვთავაზობენ, შესაბამისად, სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია", - აღნიშნა კვარაცხელიამ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ხარჯების ზრდის მიუხედავად, მოვაჭრეებისთვის იჯარა არ გაუძვირებიათ. მისი ღირებულება ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უცვლელია და კვადრატულ მეტრზე ადგილის მიხედვით, 8-40 ლარში მერყეობს (საშუალო ფასი 25 ლარია). "ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მკვეთრად დაეცა, შესაბამისად, მომხმარებელთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით შემცირდა, განსაკუთრებით, წლის პირველ კვარტალში. იძულებულნი გავხდით მოიჯარეებისთვის ანგარიში გაგვეწია საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე", - განაცხადა კვარაცხელიამ.
თუმცა, "ლილო მოლში" აცხადებენ, რომ მომხმარებლების სიმრავლით სავაჭრო ზონა საქართველოში მაინც პირველ ადგილზეა და 2014 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. ამ ეტაპზე არსებული 6 ათასი სავაჭრო ადგილიდან მხოლოდ 4%-ია აუთვისებელი, ისიც დროებით.
ბელა ნოზაძე