მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიცია არის, რომ არაფერი განსაკუთრებული - ირაკლი კობახიძე

ეს არის რეალურად ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ფორმალური დასანქცირებით არაფერი შეცვლილა, რადგან დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებულია.

„ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელის ამ წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით. ახლა შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან, რაღა ეშველება ოპოზიციას აღარ ვიცი. სინამდვილეში არაფერი შეცვლილა, დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები ერთადერთი რამის გამო, ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან. სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს, ჯერ აამოქმედებს დე-ფაქტო სანქციები, ახლა უკვე მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით, საბოლოოო ჯამში მათ გამოიცალეს ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება, თუმცა ასეც და ისეც, რეალურად არაფერი შეცვლილა. მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე, არაფერი განსაკუთრებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.