"შეეშინდება და წავა" გულუბრყვილობაა... წავა, მაგრამ არც ისე მარტივად - ასე ეხმაურება კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე აშშ-ს მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირებას.
„აქამდე რომ მიიყვანეს ქვეყანა, რომ ხელისუფლება სანქცირებულია, ყველა პირდაპირი დახმარება - გაყინული, ინტეგრაციის პროცესი და პარტნიორობა შეჩერებული, შესაბამისად, სახელმწიფო დაზიანებული და უსაფრთხოება ძირგამოთხრილი, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ამის გამოც პასუხისგებაში არიან მისაცემები.
თავად ივანიშვილი სანქცირებას რაც შეეხება, ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მასთან კონსტრუქციული კომუნიკაციის რესურსი ვაშინგტონმა ამოწურულად ჩათვალა, რაც ცუდია.
"შეეშინდება და წავა" გულუბრყვილობაა: მისი ქცევის განმსაზღვრელი მარტო ეკონომიკური ფაქტორი არ არის, მენტალურიცაა, შეთქმულების თეორიები და ოკულტიზმი. წავა, მაგრამ არც ისე მარტივად, სახელმწიფოს კი აშშ-სთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ევროკავშირთან კონფრონტაციულ რეჟიმში მოუწევს ცხოვრება უახლოესი თვეები. რამდენად გაუძლებს, რთული სათქმელია. ესენი რომ საფლავში ჩაჰყვებიან და დაანგრევენ, ეჭვი არ მეპარება. კი, ხელახლა ავაშენებთ, მაგრამ რამდენი დავრჩებით, არ ვიცი.
ვის სინდისზეა ეს ყველაფერი? იმ 20-30%-ის, გარდამავალი დროშასავით რომ გადადიან ხელისუფლებიდან ხელისუფლების აქტივში და მუდმივად ყველას და ყველაფერს ღალატობენ.რას ნიშნავს სახელმწიფოსთვის, სად არის სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო მდივანი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებისთვის ასანქცირებს, რთული წარმოსადგენი არ არის“, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება.
შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".