ქართული დამარილებული თხილი ნაჭუჭით ევროპაში ექსპორტზე გავიდა

კომპანია "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსმა" ინგლისში, ბულგარეთსა და პოლონეთში თავისი ინოვაციური პროდუქტი - მოხალული და დამარილებული თხილი ნაჭუჭით - ექსპორტზე გაიტანა.

კომპანიამ, რომელიც ხობის რაიონში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას ფლობს, მანამდე თავისი პროდუქტი საცდელად ადგილობრივი ჰიპერმარკეტების ქსელში შეიტანა. 125-გრამიანი შეფუთვით სასუსნავი 3-4 ლარამდე ღირს და მომხმარებლებში წარმატებით სარგებლობს.

როგორც წესი, ქართული თხილი ევროპაში არა დაფასოებული, არამედ ნედლეულის სახით გადის, და შესაბამისად, ნაკლებ ფასად იყიდება. სამრეწველო თხილი " ჯორჯიან პროდაქტს რენესანსისთვისაც" ძირითადი სასაქონლო პროდუქტია. როგორც დამფუძნებელმა, თემურ ბოლქვაძემ განაცხადა, წელს 440 ტონა თხილის გადამუშავებასა და ევროპაში გატანას გეგმავს.

"ჩვენი კომპანია 2013 წელს დაარსდა და პრაქტიკულად, პირველი სამუშაო სეზონი გვქონდა. თურქეთში ცუდი მოსავლის გამო თხილის ფასი წელს რეკორდულად მაღალი იყო. გლეხებისგან ერთ კგ. თხილს 7 ლარად ვიბარებდით. იყო შემთხვევები 12 ლარსაც კი მიაღწია. სავარაუდოდ, წელს ფასები შემცირდება და მეტი რაოდენობით ჩავიბარებთ", - განაცხადა თემურ ბოლქვაძემ.

ბელა ნოზაძე