საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის პროექტის ფარგლებში, ფასანაურის შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება.
საუბარია, ხანდო-ფასანაურის მონაკვეთზე, რომელთან დაკავშირებითაც, მიმდინარე წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უპირატესობა გვირაბის მშენებლობას მიენიჭა“.
კითხვაზე, კონკრეტულად რა ეტაპზეა პროექტი, „ბიზნესპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში განუცხადეს, რომ მონაკვეთის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასკვნით ფაზაშია, თუმცა, ამ ეტაპისთვის არ არის დასრულებული საპროექტო სამუშაოები.
რაც შეეხება პროექტირების დასრულების ვადებს, სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს არის დაგეგმილი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, პროექტის საინვესტიციო ღირებულებითა და სხვა დეტალებით, რაზეც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ: „ზემოაღნიშნული პროექტი ქვეყნის სხვა უმთავრესი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებია, რომელთა განხორციელება იგეგმება ეტაპობრივად, შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ვინაიდან, ამ ეტაპზე არ არის დასრულებული დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს პროექტის სამშენებლო ღირებულებასთან და სხვა მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია“.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ზაფხულში დაბა ფასანაურში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის-ხანდო-ფასანაურის შემოვლითი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის პროექტის განხილვას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. საუბარია, ხანდო-ფასანაურის მთათა სისტემაში გვირაბისა და 3 ხიდის მშენებლობაზე, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მოსახლეობა მაშინ ამბობდა, რომ დაბა ფასანაური საფრთხის წინაშე დგება, რადგან მთათა სისტემაში ეროზიული პროცესები ისედაც დაწყებულია.