აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზოდ მიმოსვლის წესებს გაამკაცრებს

რუსეთი უცხოელებისთვის საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს, აზერბაიჯანი კი ამის საპასუხოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის „სარკისებრ წესებს“ აამოქმედებს. საქმე ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლისას გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ.

ახალი წესის მიხედვით, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში უვიზოდ შედიან, წლის განმავლობაში შეეძლებათ მხოლოდ 90 დღის განმავლობაში დარჩენა. დღეს არსებული წესით, უცხოელებს 90 დღის განმავლობაში ყოფნა ნახევარი წლის განმავლობაში შეუძლიათ. ახალი რეგულაცია ძალაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ აზერბაიჯანშიც. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ბაქო „სარკისებრ წესებს“ აამოქმედებს. უწყების ინფორმაციით, კონკრეტულად, რა ცვლილებები ამოქმედდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ოფიციალური ბაქო უახლოეს დღეებში გაახმაურებს - წერს ადგილობრივი მედია.