შპს "ნიუ კონსტრაქშენის" დირექტორი და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი 1 750 352 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს "ნიუ კონსტრაქშენის" დირექტორი გიორგი მჭედლიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი, რატი სვანიძე.

"გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,ნიუ კონსტრაქშენი", 2013 წლის პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაკვეთით აწარმოებდა შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით, რისი დასრულების შემდეგაც სახლები უნდა გადასცემოდა დევნილ მოსახლეობას. რეკონსტრუქციის პროცესში საწარმოს დამკვეთებისგან წინასწარ ავანსის სახით ერიცხებოდა თანხა. ჩარიცხული ავანსიდან გიორგი მჭედლიშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 1 750 352 ლარი, რის გამოც მშენებარე ობიექტები დღემდე დაუსრულებელია", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.