ბერძნულ კრიზისს გამოქცეული ქართველები

დიასპორის საკითხების სამინისტროს არაოფიციალური მონაცემებით, 1 მილიონ 700 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფება გარე მიგრაციაში, რომლებიც 43 სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. აქედან 250 ათასი ადამიანი საბერძნეთში ცხოვრობს. მინისტრის, გელა დუმბაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთიდან მასობრივად ჩამოსვლას არ აპირებენ, მაგრამ დაბრუნების შემთხვევაში მზად არიან სხვადასხვა სამინისტროებთან დაკავშირებაში დაეხმარონ და ისარგებლონ იმ შეღავათებით, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს.

"მასობრივი დაბრუნება არ დაწყებულა, თუმცა, როგორც იტყვიან, პულტზე ხელი დაჭერილი გვაქვს და მზად ვართ ყველაფრისთვის. რამდენიმე დღეში ჩემი პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი ადგილზე ჩავა და კიდევ ერთხელ ახლოს გაეცნობა სიტუაციას. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მასობრივი სურვილი, რომ საქართველოში დაბრუნდნენ, არ შეინიშნება. ეს ხალხი წლების განმავლობაში უძლებდა იქ არსებულ სიტუაციას, ადაპტაციას და მორგებას ახდენდა და შესაბამისად ესეც ერთ-ერთი კრიზისთაგანია, რაც, სამწუხაროდ, საბერძნეთში ხშირად ხდება. ესენი აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და არავითარი მასიური სურვილი, რომ ჩამოვიდნენ, არ არის", - უთხრა "რეზონანსს" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შემთხვევაში, მისი სამინისტრო მზად არის პროვაიდერის ფუნქცია შეასრულოს და მოქალაქეებს რეინტეგრაციაში ხელი შეუწყოს. "აქ ჩამოსვლის შემდეგ სოზარ სუბარის უწყებაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც მათ რეინტეგრაციას უწყობს ხელს. ასე რომ, დაბრუნების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროვაიდერის ფუნქცია შევასრულოთ. მზად ვართ მივყვეთ ყველგან, სადაც ასეთი მომსახურების გაწევა შეუძლია ხელისუფლებას. მათთვის გარკვეული დახმარების აღმოჩენა არის სრულიად საქართველოს პრეროგატივა და ეს გაფანტულია მრავალ უწყებაში პროფილურად. გასულმა პერიოდმა გვიჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ მობილიზებულია, როცა საქმე ეხება კატასტროფას და სხვადასხვა შემთხვევებს. მობილიზებულია ასევე ქართული საზოგადოებაც. ესენი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და ერთეულების დაბრუნების შემთხვევაშიც მაქსიმალურს გავაკეთებთ. საბერძნეთის მთავრობა დაბნეულია და ევროკავშირმა არ იცის, რა ქნას. ეს მსოფლიო გლობალური პოლიტიკაა, იქ რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს, შესაბამისად ნუ შევქმნით ტრაგედიას, ამისგან", - გვითხრა დუმბაძემ.

მისი თქმით, ჯერჯერობით საბერძნეთში მცხორვები ქართველები არც სხვა ქვეყანაში აპირებენ გადასვლას. "სოციალური ქსელის საშუალებით ვიცი, რომ რამდენიმე მოქალაქე დაინტერესდა, დაისვა კითხვები, თუ როგორ უნდა გადასულიყო იტალიაში ან ესპანეთში, თუმცა კონკრეტულ მოძრაობას ამ მიმართულებითაც ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა დუმბაძემ.

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, 29 ივნისიდან, რაც საბერძნეთში კრიზისული კვირა დაიწყო, საქართველოს საელჩომ და საკონსულომ ორ წყებად შემოიღო გარკვეული ღონისძიებები. კერძოდ, ვინაიდან ბანკები დაიხურა და საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ წვდომა საბანკო ანგარიშებზე, საკონსულო მომსახურების გაწევა ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, მეორე ეტაპზე კი, უფასო გახდა ის მომსახურებები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტებისთვის.

"ეს ღონისძიებები შეწყდა ორშაბათს, რადგან ბანკები ნაწილობრივ გაიღო და მოქალაქეებს უკვე შეეძლოთ საკონსულო მომსახურება დადგენილი წესით მიეღოთ. საბანკო და საფინანსო კრიზისის მეორე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ, ეს არის წვდომა საკუთარ საბანკო ანგარიშებზე და გადარიცხვები საბერძნეთის ფარგლებს გარეთ, რაც დღემდე შეზღუდულია და მომავალ ორშაბათამდე ასე გაგრძელდება. ამდენად, ეს პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია. ამ პერიოდში ზოგადად ქვეყანაში აქტივობა, ბუნებრივია, იყო შემცირებული, შესაბამისად, შემცირებული იყო მომართვიანობა და რაოდენობა იმ მოქალაქეებისა, ვისაც საკონსულო მომსახურება, მათ შორის, საქართველოში დაბრუნება ესაჭიროებოდა", - უთხრა "ინტერპრესნიუსს"  ნანობაშვილმა.

ელჩის ინფორმაციით, კრიზისული კვირის პერიოდში საკონსულო დაწესებულება ათენსა და სალონიკში დაახლოებით 200 ადამიანს მოემსახურა და აქედან მესამედს - უფასოდ. იოსებ ნანობაშვილის შეფასებით, საბერძნეთში მცხოვრები ყველა ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ელოდებიან შეთანხმებას, რომელიც ბრიუსელში უნდა შედგეს. ისინი იმედოვნებენ, რომ შეთანხმება მოხდება, ბანკები გაიხსნება და ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას და ცხოვრებას საბერძნეთში.

ნანობაშვილის ინფორმაციით, საბერძნეთში სპეციალურად იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე, რომელიც დიასპორულ ორგანიზაციებს შეხვდა და მათგან მოისმინა ყველა ის პრობლემა, რომელიც ქართველებს შეექმნათ და საბერძნეთში შექმნილი კრიზისის გამო ქვეყნის დატოვებისა და საქართველოში დაბრუნების საჭიროება არც ამ შეხვედრებზე დაფიქსირებულა. განსხვავებული ინფორმაცია აქვს ა/ო "მიგრაციის ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი გოგიშვილს. მისი თქმით, დაბრუნებას ბევრი აპირებს, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ იცის.

"ბევრი აპირებს, მაგრამ რაოდენობას ზუსტად ვერ გეტყვით. დაბრუნების ტენდენცია ნამდვილად დიდია. სხვათა შორის, ბევრი ამ მიზეზით უკვე დაბრუნდა. ზოგს წამოსასვლელი თანხის პრობლემა აქვთ და ბანკის მუშაობის დაწყებას ელოდებიან. სამინისტროს აქვს ინფორმაცია იმ ემიგრანტებზე, რომლებიც ლეგალურად იმყოფებიან საბერძნეთში, თუმცა ჩემთან სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მომივიდა ინფორმაცია - საკმაოდ დიდი მოთხოვნა გაჩნდა საქართველოსკენ მომავალი ტრანსპორტის ბილეთებზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმაზე მეტი მოდის, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. სახელმწიფოში ამასთან დაკავშირებით, ორი რეინტეგრაციის პროგრამა მიმდინარეობს. ერთს ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მეორეს კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. ეს არის სოციალური პროექტები - მაგალითად, ხდება ე.წ. ბიზნესის წარმოების დაფინანსება 3 ათას ლარამდე. ასევე ფინანსდება პროფესიული სწავლების და ზოგ შემთხვევაში ბინის ქირის დაფინანსება. ერთი სიტყვით, ცვლილება პოზიტიურია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი", - უთხრა "რეზონანსს" გოგიშვილმა.

თიკო ოსმანოვა

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"